კათოლიკოს-პატრიარქი - წიგნის კითხვა ადამიანს ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება

კათოლიკოს-პატრიარქი - წიგნის კითხვა ადამიანს ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება

საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში "წიგნის მეგობრების" კლუბის პრეზენტაცია მოხდა. შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრო. უწმინდესმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილ საზოგადოებას კურთხევა მისცა დღეში ბიბლიის ერთი თავი წაიკითხონ.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს იგი 06:00 საათზე ადგა და ლოცვების წაკითხვის შემდეგ ბიბლიის ერთი თავი წაიკითხა. პატრიარქის განცხადებით, ბიბლია წიგნთა შორის პირველი წიგნია. უწმინდესმა ისაუბრა, რომ აუცილებელია პატარებს წიგნის კითხვა შევაყვაროთ და ეს უნდა მოხდეს ზღაპრების მეშვეობით. მისივე თქმით, ბევრ მწერალს სთხოვა დაეწერათ ზღაპრები, თუმცა მათ ლექსების წერა უფრო ეადვილებათ.

"ზღაპარში სიბრძნე უნდა იყოს და სიკეთე უნდა იმარჯვებდეს", - აღნიშნა უწმინდესმა შეხვედრაზე.

პატრიარქმა ასევე გაიხსენა მისი სტუდენტობის წლები რუსეთის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში და აღნიშნა, რომ სტუდენტთა ერთი ნაწილი ზეპირად იმახსოვრებდა ლექციებს, ნაწილი კი ბიბლიოთეკაში დადიოდა და წიგნებს კითხულობა და მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო.

"ჩვენი სასწავლებლები ახალგაზრდებს ვიწრო ცოდნას აძლევენ. სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ცოდნის მიღება პირიქით, ფართოვდება. წიგნის დღედ შაბათი რომ დაწესდა არ ნიშნავს, რომ წიგნი მხოლოდ შაბათს უნდა წავიკითხოთ. მსურს ოჯახებში ლიტერატურული საღამოებიც მოეწყოს, რომლის დროსაც, რამდენიმე ოჯახი ერთად შეიკრიბება, მიირთმევენ ჩაის", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, წიგნის კითხვა ადამიანს ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება, რაც ჩვენს ცხოვრებაში ანალიტიკური უნარისთვის აუცილებელია. პატრიარქმა შეკრებილ საზოგადოებას დღეს კურთხევა მისცა ბიბლიის პირველი თავი წაიკითხონ.

ამასთან, საქართველოს სახალხო არტისტმა გოგი ხარაბაძემ აუდიოწიგნების პრეზენტაციაც გამართა. ხარაბაძის თქმით, დისკებზე გამოიცა ბიბლია, სახარება, ასევე ქართველი კლასიკოსების - აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის პოეზიის აუდიოჩანაწერები და ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ მათ მოუსმინონ.

მისივე თქმით, ახლახანს გამოიცა ზღაპრები ბავშვებისათვის აუდიოდისკებზე. ორ დისკზე ჩაწერილია ქართული ზღაპრები, ასევე ინდური, ჩინური და ევროპული ზღაპრები.
ამასთან, საპატრიარქო ბიბლიოთეკაში "დავითიანნთან" არსებული ლიტერატურული კლუბი "დალკი" წიგნის საჯარო კითხვას აწყობს.

წიგნის კითხვის ღონისძიების დაწყებამდე მეუფე პეტრემ პატრიარქის კურთხევით ბიბლიის პირველი თავი წაიკითხა და საჩუქრად პრეზენტაციის მონაწილეებს წმინდა ნინოს დისკები დაურიგდათ.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ წამალაშვილმა განაცხადა, "პალიტრა L" გამოეხმაურა უწმინდესის ინიციატივას შაბათის დღის კითხვისა და წიგნის დღედ დაწესების შესახებ და პირველივე შაბათს გაიმართა აქცია "ქართული პროზის საგანძურიდან" ოთარ ჭილაძის სამი ტომის ექვს ლარად გაყიდვის თაობაზე.
მისივე თქმით, ეს ტარდიციულ სახეს მიიღებს და ყოველ შაბათს მკითხველს სხვადასხვა სახის განსაკუთრებულ შეთავაზებას ჰპირდება.