გაუცრუა თუ არა რუსულმა ბაზარმა იმედები ქართულ კომპანიებს?

გაუცრუა თუ არა რუსულმა ბაზარმა იმედები ქართულ კომპანიებს?

იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო ქართული კომპანიების რამდენიმე პროდუქტს ბლოკავს და მათ რუსული სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ აცხადებს, რუსი ექსპერტები კი რუსეთის ბაზრის „გადავსებულობასა“ და ქართული პროდუქციის დაბალ კონკურენტუნარიანობაზე საუბრობენ, რამდენად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ქართული კომპანიები ამ ბაზრისადმი? ამის გასარკვევად commersant.ge–მ მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვაზე: „რამდენად გაუმართლა რუსეთის ბაზარმა იმედები ქართულ კომპანიებს?“ საიტის მომხმარებელთა ხმები ასე გადანაწილდა:

რუსეთის ხელისუფლება ქართულ პროდუქციას ხელოვნურ ბარიერებს უქმნის – 43%;

რუსული ბაზარი გადავსებულია და ქართულ პროდუქციას კონკურენცია გაუჭირდება – 24%;

რუსეთის ბაზარზე შესვლა ქართული ბიზნესისთვის ცალსახად მომგებიანია – 22;

რუსეთში ქართული პროდუქციის ცნობადობა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა 11%.

საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის Bpi.ge–ს დირექტორი ირაკლი ლექვინაძე გამოკითხვის შედეგების შეფასებისას ამბობს, რომ ქართული კომპანიები რუსულ ბაზარზე არსებულ და შესაძლო პრობლემებსა და რისკებს საღად აფასებენ.

„ვეთანხმები გამოკითხვის შედეგებს, როცა მათი უმრავლესობა თვლის, რომ არსებული სირთულეები ხელოვნურად არის შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე თანხმობა არსებობს, ამ კუთხით რისკები მაღალია. ონიშჩენკოს უწყება პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდებით ცდილობს ზემოქმედებას ქართულ კომპანიებზე და ხშირად მის მიერ გაკეთებული განცხადებები უტაქტო და არაეთიკურია.

მე ველოდები, რომ, რაც უფრო მეტი კომპანია იქნება რუსულ ბაზარზე, მით უფრო ხშირად გავრცელდება ინფორმაცია მათი პროდუქციის ხარისხიანობის თუ უხარისხობის შესახებ. თუმცა ეს ის მთავარი რისკია, რომელიც რუსულ ბაზარს ახასიათებს.

რაც შეეხება ბაზარზე კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქციის ნიშა ათვისებული და ჩანაცვლებულია ბოლო 7 წლის მანძილზე, თავის სეგმენტს ის დაიჭერს და მომხმარებელი მას აუცილებლად ეყოლება. პირველთან შედარებით ეს ბევრად ნაკლები რისკია.

მომგებიანია თუ არა ამ ბაზარზე შესვლა? ვფიქრობ, რომ მაღალი რისკების მიუხედავად ეს მომგებიანია. დღეს არ მეგულება საქართველოში კომპანია, რომელიც მხოლოდ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული იქნება და უარს იტყვის იმ დივერსიფიცირებულ ბაზრებზე. რომელიც მას აქვს. რუსეთის ბაზარი იქნება მათთვის დამატებითი გაყიდვები.

ვფიქრობ, რომ ქართულ პროდუქტს რუსეთში საკმარისი ცნობადობა აქვს იმისათვის, რომ გაყიდვები წარმატებული იყოს, მთავარი პრობლემა პოლიტიკურად მოტივირებული ხელოვნური ბარიერებია,“ – აცხადებს ლექვინაძე.