„ჩვენთან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენები ერთი მეასედი პროცენტია“

„ჩვენთან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენები ერთი მეასედი პროცენტია“

12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობით საქართველოში პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ სამი ადამიანის მკვლელობასა და ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულ რევაზ დემეტრაშვილს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლოს ერთხმად ურჩიეს სასჯელის შემსუბუქება. საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მსაჯულთა ვერდიქტის და მათი რეკომენდაციის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, განაჩენის ერთჯერადად გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ნაფიც მსაჯულთა პირველ სასამართლოზე და ზოგადად ინსტიტუტის ავკარტგიანობაზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრებით.

ვახტანგ ხმალაძე: ბევრი კითხვის ნიშანია, თუ რამდენად სწორია და მართებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის შემოღება. ამაზე არაერთგზის კითხვები დასმულა და ყურადღება გამახვილებულა.

მაინც რა მთავარ კითხვებს გამოყოფთ ინსტიტუტთან  დაკავშირებით?

– განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გამოყენება და ყველა სხვა შემთხვევებისთვის მისი გამოუყენებლობა, თავისთავად აკნინებს ამ ინსტიტუტს და არ იძლევა საშუალებას პასუხი გაეცეს კითხვას – სწორია კი ამის ჩვენთან გაკეთება?

მოგეხსენებათ, ჩვენთან არიან ნაფიცი მსაჯულების, როგორც  მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. თუ ფართოდ არ იქნა გამოყენებული, მათ შორის უფრო მსუბუქი დანაშაულობების შემთხვევაში, ეს ლეგიტიმური კითხვები პასუხგაუცემელი დარჩება. ასევე დიდხანს დარჩება ეჭვები თავად ინსტიტუტის მიმართ.

რატომ არ გავრცელდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტი, სხვა უფრო მსუბუქ დანაშულზე?

– ყველაზე საინტერესო საკითხი სწორედ ეს არის. შემიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვა. ხელისუფლებას კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს – ადამიანები ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს უნდა მიეჩვივნონ და მის არსში უნდა გაერკვნენო. ამიტომ მხოლოდ ისეთი დანაშაულის შემთხვევაში გამოვიყენებთ, რომელიც იშვიათად ხდებაო.

საუბარია განსაკუთრებით მძიმე დანაშულზე, რაღაც დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას, რაც მართლაც იშვიათია. სწორედ ეს იშვიათობა არ გვაძლევს საშულებას, ობიექტურად შეფასდეს თავად ეს ინსტიტუტი.

აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი გამოყენებული ყოფილიყო ისეთი დანაშაულის დადგენისთვის, როგორიცაა იარაღის ჩადება, როცა პირს აკავებენ და იარაღის უკანონოდ ტარებას აბრალებენ. იგივე ეხება ნარკოტიკების ჩაგდებას და სხვ. დაახლოებით ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთ დროს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება როგორი იქნებოდა? ვგულისხმობ გავრცელებულ შემთხვევას, როცა მოწმე სამართლდამცავი ორგანოს თანამშრომელია და არა სხვა ვინმე.

ამისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ გამოვიყენეთ, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ბევრი რამ ჩაუვარდებოდა და ჩაეშლებოდა. ფართოდ გავრცელებული შეთითხნილი ბრალდებები მაქვს მხედველობაში.

მაშინ იმაზე ვისაუბროთ, რაც გვაქვს. ქართულ რეალობაში მსაჯულთა ინსტიტუტი რამდენად გარანტიაა იმისა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება?

– როგორც მოგახსენეთ, კითხვები მაქვს საერთოდ ამ ინსტიტუტის შემოღების მიმართ. ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. ჩვენი სიმცირის გამო მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ერთიმეორის ნათესავია, მეზობელია, ამხანაგის ბიძაშვილია, დეიდაშვილის მეგობარია და ა.შ. ასეთ დროს, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება სრულიად ობიექტური შეიძლება არ აღმოჩნდეს.

ამიტომ ვამბობ, რომ ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს და თუ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი ფართოდ გამოყენებული არ იქნება, ვერც გაეცემა პასუხი კითხვას, ინსტიტუტის მოწინააღმდეგეები არიან მართლები თუ მხარდამჭერები.   

ევროპარლამენტმა ბოლო რეზოლუციაში ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს დიდი ყურადღება დაუთმო. ეს რაზე მიანიშნებს?

– ეს რეზოლუცია დიამეტრულად ეწინააღმდეგება სასამართლო ხელისუფლების იმ შეფასებას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. თურმე, სასამართლოსადმი საზოგადოებაში ნდობის ხარისხი ძალიან მაღალია, მგონი, 70%–ზე მეტი დაასახელეს კიდეც, რომ ეს ქართული სასამართლოს სამართლიანობაზე, დამოუკიდებლობაზე და ა.შ. მეტყველებს.

არადა, არის ერთი ძალიან მარტივი კრიტერიუმი, სასამართლოს პროფესიულობის და დამოუკიდებლობის შეფასებისას. ეს გახლავთ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა.

განსხვავებით სხვა, გნებავთ ტრადიციული და ახალი დემოკრატიის ქვეყნებისგან, ჩვენთან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენები სულ რაღაც ერთი მეასედი პროცენტია, როდესაც ყველა ასეთ ქვეყანაში, გამამართლებელი განაჩენები  რამდენიმე პროცენტი მაინც არის ხოლმე.

ეს არამიკერძოებულ ადამიანს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ქართული სასამართლო  შორსაა დამოუკიდებლობისგან და სამართლიანობისგან. ეს იმავე ევროსაბჭოსთვის და ევროპარლამენტისთვისაც ცხადი ამბავია. ასე რომ, მათი შეფასება ძალიან ნიშანდობლივია და მას სწორად გაგება სჭირდება.

ხელისუფლება რამდენად სწორად აღიქვამს ამ კრიტიკას?

– არ მგონია, რომ ხელისუფლებაში ამას ვერავინ გაიგებს. მაგრამ აღიარებით,  მთავრობის წარმომადგენელთაგან, ალბათ, არავინ აღიარებს. კვლავ შეეცდებიან საზოგადოების იმ აზრით „დაბოლებას“, რომ ჩვენში ყველაფერი კარგად არის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და სამართლიანია. ოღონდ ჩემი აზრით, ხელისუფლებას ამაში საზოგადოების დარწმუნება უკვე ძალიან გაუჭირდება.