დეიმონ ალბარნის ახალი პროექტი

დეიმონ ალბარნის ახალი პროექტი

მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ს მტკიცებით, ბრიტანული ელექტრონულ-ვირტუალური ჯგუფი “Gorillaz” და მისი ლიდერი დეიმონ ალბარნი 2012 წლის თებერვალში ახალ კომპოზიციას ჩაწერენ.

 

ეს გახლავთ პროექტი, რომლის ინიციატორია ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია “Converse”. მისი სახელწოდებაა “Three Artists, One Song”. პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სამი განსხვავებული მუსიკალური სტილის შემსრულებელი ერთ საერთო კომპოზიციას ასრულებს.

 

კომპანიამ “Converse” მსმენელებს ორი ნამუშევარი უკვე წარუდგინა. პირველი გახლავთ კომპოზიცია “All Summer”. მის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს რეპერმა Kid Cud-მა, “Vampire Weekend”-ის წევრმა როსტამ ბატმანგლმა და “Best Coast”-ის ლიდერმა ბეტანი კოსენტინომ.

 

ცოტა ხნის წინ დღის სინათლე კიდევ ერთმა კომპოზიციამ იხილა. სიმღერა “I’m a Goner” ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო   დუეტმა “Matt and Kim”, რეპერმა Soulja Boy და მომღერალმა Andrew WK.

 

ელექტრონულ-ვირტუალური ჯგუფი “Gorillaz” ერთგვარი მუსიკალური პროექტია, რომელიც 1998 წელს განახორციელეს მუსიკოსმა დეიმონ ალბარნმა და მხატვარმა-მულტიპლიკატორმა ჯეიმი ჰიულეტმა. ამ უკანასკნელს ეკუთვნს თავის დროზე დიდ ბრიტანეთში პოპულარული კომიქსების სერიის “Tank Girl” შექმნის პატივი.

 

პროექტი “Gorillaz” უშუალოდ მუსიკალური კომპოზიციების გარდა ითვალისწინებს გამოგონებული ანიმაციური პერსონაჟების მონაწილეობასაც. ამ მიზეზის გამო “Gorillaz”-ს ვირტუალურ-მუსიკალური ჯგუფის სახელი აქვს.

 

ჯგუფი ოთხი ვირტუალური-ანიმაციური მონაწილისაგან შედგება: 2D (ვოკალი, კლავიშები), მერდოკი (ბას-გიტარა), ნუდლი (გიტარა, კლავიშები, ვოკალი) და რასელი (დოლი).