რეჯეფ ტაიპ ერდოღანი:  ყველა აქცია ექსტრემისტების მიერ არის მოწყობილი

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ყველა აქცია ექსტრემისტების მიერ არის მოწყობილი

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტი "თურქული გაზაფხული" არ არის. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. 

მისივე განცხადებით, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი არეულობის უკან რადიკალური დაჯგუფებები დგანან.

"ყველა ეს აქცია ექსტრემისტების მიერ არის მოწყობილი. ამიტომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, რომ ნუ აყვება ამ პროვოკაციას, რადგან შექმნილ მდგომარეობას გადავლახავთ", - განაცხადა თურქეთის პრემიერმა სტამბულის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე, საიდანაც ის მაროკოში გაემგზავრა.

ერდოღანის თქმით, ყველა ის ბრალდება, რომელსაც დემონსტრანტები ხელისუფლებას უყენებენ, მათ შორისი ალკოჰოლის აკრძალვაზე, საფუძველს მოკლებულია.

"ალკოჰოლზე აკრძალვა არ დაგვიწესებია. ჩვენ მხოლოდ დავარეგულირეთ მისი მოხმარება და მსგავსი შეზღუდვები ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს. ბენზინგასამართ სადგურებზე ალკოჰოლური სასმელის გაყიდვის აკრძალვა აუცილებელია, რადგან თავიდან ავირიდოთ გზებზე ავარიები", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

გასულ კვირას სტამბულში დაწყებული საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ტაქსიმის მოედანზე "გეზი პარკის" რეკონსტრუქციისა და მის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენების შეჩერებას მოითხოვდნენ, მასობრივ არეულობებში გადაიზარდა და თურქეთის ოთხი დიდი ქალაქი მოიცვა. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. ბოლო მონაცემებით, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა. თურქეთის 67 ქალაქში პოლიციამ 1 700 დემონსტრანტი დააკავა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის განცხადებით, დაღუპულია ორი ადამიანი. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული.