სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში იმყოფება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს დაბადების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით.
რუსეთის საპატრიარქოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შაბათს გამართული შეხვედრისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სტუმარს, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოსკოვში ჩასვლისთვის და გამოთქვა იმედი, რომ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა ურთიერთობის ერთ-ერთი „კეთილი ნაყოფი“ იქნება ურთიერთობის გაუმჯობესება ორ ქვეყანას და ორ ხალხს შორის.
თავის მხრივ, ილია მეორემ დაბადების დღე მიულოცა მასპინძელს და ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა ურთიერთობის ხანგრძლივ ტრადიციაზე. "ეს არის მტკიცე საძირკველი ჩვენი ქვეყნების, სახელმწიფოების, მთავრობებისათვის - მათ უნდა მიბაძონ ჩვენი ეკლესიების მაგალითს“, - განაცხადა ილია მეორემ და დასძინა: „ჩვენ დიდ პატივს ვცემთ რუსეთის ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას“.
დღეს გაიმართა ღვთისმსახურება მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, რომელიც სლავურ, ბერძნულ და ქართულ ენებზე შესრულდა. რუსეთის პატრიარქთან ერთად წირვაზე თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი საბა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე.
დღევანდელ ღვთისმსახურებას დაემთხვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის მიბრძანება მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, რომელიც ათონის წმინდა მთიდან ვათოპედის მონასტრის ღვთისმსახურებმა ჩააბრძანეს.
648
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85