უგემოვნო სკულპტურების პრობლემა ვიქტორ ჰიუგოს დროინდელ საფრანგეთსაც აწუხებდა. ჰიუგო მოგვითხრობდა, რომ ბასტილიის მოედანზე ნაპოლეონისდროინდელი გიგანტური სპილოს ქანდაკება იდგა, გადმოკარკლული თვალებით. კვირაობით ბასტილიის მოედანზე მორთულ-მოკაზმული ბურჟუები რომ გაივლიდნენ, ზიზღით შეხედავდნენ სპილოს, ნეტავ, ეს რისი მაქნისიაო?
ჰიუგოს თქმით, თავის დროზე ნაპოლეონი ოცნებას გაეტაცა: ამ უზარმაზარ, ძლიერ სპილოზე (მაღლა რომ აეშვირა ხორთუმი, ზურგზე მაღალი კოშკი დაედგა და მჩქეფარე შადრევნებით იყო გარშემორტყმული) სურდა, ხალხი გამოესახა. ღმერთმა კი გიგანტურ სპილოს უფრო დიდებული დანიშნულება მისცა - უპატრონო ბავშვის ბინად აქცია.
„ამ განწირულმა, ყველასგან უარყოფილმა სპილომ შეიბრალა მეორე განწირული, საწყალი პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველი დაყიალობდა ქუჩაში და საზრდოობდა მხოლოდ იმით, რასაც საზოგადოება ჩაყრიდა სანაგვეში. აი, რისი მაქნისი იყო ბასტილიის მოედნის სპილო. ეს იყო აზრი ნაპოლეონისა, განკიცხული ადამიანისგან და მოწონებული ღვთისგან,“ - წერდა ჰიუგო თავის მაწანწალა პერსონაჟის - გავროშის შესახებ, რომელიც ღამეებს ამ სპილოს უზარმაზარ სხეულში ათენებდა, როგორც - ბიბლიური იონა ვეშაპის მუცელში.
ვარდების მოედანს უმისამართოდ დატოვებული გიგანტური ველოსიპედი შეემატა. ბასტილიის სპილოს მსგავსად, ისიც უზარმაზარია - სიგრძით 7 მეტრი და სიმაღლით 3 მეტრი, მაგრამ, სავარაუდოდ, გიგანტური ველოსიპედი ვერავის მადლს ვერ მოისხამს. მისი მთავარი დანიშნულებაც - ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ უბიძგოს, ხელოვნებათმცოდნეებში გაოცებას იწვევს. გოგი ხოშტარიას ეეჭვება, რომ გიგანტურმა ველოსიპედმა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას შეუწყოს ხელი. „პირიქით, პათოლოგიისკენ არ უბიძგოს“, - ფიქრობს ხელოვნებათმცოდნე და კითხულობს: „ვარდების მოედანზე ჩავლისას თვალი დავხუჭო და ისე გავიარო?“
მისი აზრით, ხელოვნების ნიმუში კონტექსტში უნდა იკითხებოდეს. ველოსიპედი კი კონტექსტიდან ამოვარდნილია.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ფრანგმა მხატვარმა, დადაიზმის მიმდევარმა, 86 წლის ჟან დიუპიმ საკუთარი ნახელავი „გიგანტური ველოსიპედი“ საქართველოს უსახსოვრა. თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ „საჩუქარი“ 7 მილიონი დაჯდა და არა მხოლოდ ოფიციალური 78 ათასი ლარი. იმასაც ამბობენ, რომ ჯობდა ჟან დიუპის ნაციონალების საპატივსაცემოდ ვარდების მოედანზე გიგანტური ვარდი დაედგა.
ველოსიპედის ბორბლები იტრიალებს, ექვსი პროპელერი ქარის სიმძლავრეზე იმუშავებს, ენერგიას თავად გამოიმუშავებს და ველოსიპედს გაანათებს. სამ დღეში ველოსიპედი შავ-თეთრად შეიღებება და შეიმინება. ველოსიპედს ორი საჭე და ერთმანეთისკენ მიმართული ორი სკამი აქვს. გიგანტურ ველოსიპედს მალე საველოსიპედო ბილიკთა მშენებლობა მოჰყვება - ძველ თბილისში და თბილისის ზღვის გარშემო. ველოსიპედის პოპულარიზაციას მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ თბილისში ველოტრასები ვერ მოეწყობა, რადგან ჩვენი რელიეფური დედაქალაქი ამსტერდამისა და ჰააგისგან განსხვავდება, სადაც ყველა ტრასა მოსწორებულია.
თბილისს გარდა, მასკულტურის ბუმია აჭარაშიც. ბათუმელებს ვერ გაუგიათ, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს 12 კვერცხზე შემდგარ საზღვაო „შლოპანცს“. მართალია, ადგილობრივი მმართველობა ბათუმელებისთვის განმარტებებს არ იშურებს, რომ „შლოპანცის“ სკულპტურას პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა შეხედონ და მასში ცხოვრებისეული ფილოსოფია უნდა დაინახონ - რომ ცხოვრებაში თურმე სიფრთხილეა საჭირო, რომ ადამიანმა ცხოვრების გზა ისე სათუთად უნდა განვლოს, თითქოს კვერცხებზე დადიოდეს, მაგრამ ბათუმელები ხვდებიან, რომ ეს სკულპტურა მათ გემოვნებას აქვეითებს. თანაც – 160 ათასი ლარი დაჯდა.
ჩირაღდნიანი მამაკაცის სკულპტურა, რომელსაც ლანჩხუთელები აჯანყებულ გურულს ან გადარეულ გურულს უწოდებდნენ, 25 წლის მანძილზე ლანჩხუთის სიმბოლოდ ითვლებოდა. ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, ლანჩხუთში „ცენტრ -პოინტი“ აპირებს შესვლას და ამიტომაც აითვალწუნეს ქალაქის სიმბოლო. იმასაც ამბობენ, რომ თავის დროზე გადარეულ გურულთან სურათის გადაღება ადგილობრივებმა მიხეილ სააკაშვილსაც სთხოვეს, მან კი მისთვის უჩვეულო სტილში, მოულოდნელად იუარა - შევარდნაძეს არ ვათქმევინებ, სურათი ორ გადარეულს ერთად გადაუღიაო. მოგვიანებით, ზუგდიდი-მესტიის მაგისტრალის გაყვანით აღტაცებული სააკაშვილი მადლობას უხდიდა სულ სხვა გურულს და ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიის გარეშე მას „გადარეულ გურულად“ იხსენიებდა: „მინდა, მადლობა ვუთხრა ერთ გადარეულ გურულს, რამაზ ნიკოლეიშვილს, რომელსაც არც ღამე სძინავს და არც დღე. გურული კი არის, მაგრამ, როგორც კი სვანეთში მოხვდები, სამი დღე ამ ჰაერს ისუნთქებ და სვანურ ქუდს დაიხურავ, ყველა სვანი ხდება“.
„გურიანიუსის“ გამომცემლის, ია მამალაძის ინფორმაციით, „აჯანყებული გურულის“ სკულპტურა პარლამენტარ ხათუნა ოჩიაურის მამის, გოგი ოჩაურის ნახელავია. თუმცა ამანაც ვერ გადაარჩინა სკულპტურა სხვა ადგილას გადატანას. არადა, გურულებს კარგა ხანს ეგონათ, რომ „აჯანყებული გურული“ ხათუნა ოჩიაურის საპატივსაცემოდ მაინც იქნებოდა ხელშეუხებელი.
საქართველოში მასკულტურის მოძალების შესახებ პრესაგე.ტვ-მ კომენტარი სთხოვა სპეციალისტებს. არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კოკა ამირეჯიბი აცხადებს, რომ გიგანტურ ველოსიპედს კიდევ ანდროპოვის ყურები სჯობდა.
თბილისს შეესატყვისება გიგანტური ველოსიპედი?
- არავითარ შემთხვევაში, ჩვენს დედაქალაქს, იმ ადგილს არ შეესატყვისება, რადგან მანდედან ჩვენი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი მოაშორეს. ხოლო ველოსიპედი რა შუაშია, ვერ გავიგე.
არის ეს კიჩი, ანუ ფსევდოხელოვნება, მასკულტურა?
- ნამდვილად. უგემოვნოა, საერთოდ არ შეეფერება იმ ადგილს.
რატომ დადგეს, მართლაც ველოსპორტის პოპულარიზაციის მიზნით. თბილისი ხომ არ არის ჰოლანდია, სადაც ველოსიპედებით გადაადგილდებიან?
- რა არის ამის მიზანი და, ხუშტურები მოუვიდა პრეზიდენტს. თვითონ გადადგილდება და უყვარს ველოსიპედი, ამიტომაც ყველგან დაგვიდგამენ ახლა ველოსიპედებს, მარტო მანდ კი არა!
უცხოეთში თუ შეგხვედრიათ ასე უგემოვნოდ შესრულებული სკულპტურა?
- არა, რას ბრძანებთ. არსად არ შემხვედრია.
მაგრამ ამერიკაში გიგანტური „შპილკაც“ ხომ დგას? ამის მიბაძვით ხომ არ დადგეს გიგანტური ველოსიპედი?
- არა, ამერიკაში ის „შპილკა“ მაინც უხდება იმ ადგილს. მაღალი შენობებია გარშემო. გიგანტური ველოსიპედი კი ძველ თბილისს და იმ ადგილს არ უხდება. იმ ყურებს კი ჯობია, მაგრამ... თუმცა, არა – კიდევ ის ყურები ჯობდა, მე მგონი... ძალიან კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ბაირამაშვილს უნდა დაედგა მიმინო - თბილისის ლეგენდა; მაღალ კვარცხლბეკზე, შპილის თავზე მიმინო და ხოხობი იქნებოდა, ვახტანგ გორგასლის ნადირობის სცენიდან. მაგრამ არ დადგეს მაშინ კომუნისტებმა. ამათ კიდევ, აგერ, ველოსიპედები დაგვიდგეს.
მიმინოსა და ხოხბის გარდა, კომუნისტებს რომელიმე სკულპტურის დადგმისას პრობლემა შეუქმნიათ?
- არ მახსენდება, მაგრამ მერაბ ბერძენიშვილს ვერ გააკეთებინეს ვერც ლენინის და ვერც სტალინის ქანდაკებები, ბერიას საერთოდ ვერ გააკეთებდა. ამიტომ ცოტა უჭირდა ხოლმე კომუნისტურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, სულ ომებით გაჰქონდა თავისი ქმნილებები, რაც დაიდგა თბილისში. კომუნისტები ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ. ჯერ ერთი, იმ პერიოდში მერაბ ბერძენიშვილის გარდა ქართველ მეფეს ქანდაკებას ვინ დაუდგამდა?!
ავლაბრის მოედანზე ზურაბ წერეთლის „მიმინოს“ პერსონაჟების ქანდაკებები საზეიმოდ გაიხსნა.
- ეს საშინელებაა, რას ლაპარაკობთ. ბათუმში „შლოპანცების“ დადგმაც საშინელებაა.
ხათუნა ოჩიაურის მამას, გიგი ოჩიაურს როგორ შეჰბედეს „აჯანყებული გურულის“ გადატანა?
- ისე, გოგი ოჩიაურს კარგად ვიცნობ, მაგრამ მერაბ ბერძენიშვილისნაირი მოქანდაკე არ არსებობს.
სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე, რომელიც უპირატესობას კლასიკურ ხელოვნებას ანიჭებს, მიიჩნევს, რომ თბილისში არ უნდა იდგეს საბჭოთა ფილმის „მიმინოს“ ქანდაკება.
- მე ასე შევაფასებ: სპეციალური კომისია უნდა მუშაობდეს, სამწუხაროდ, ხელოვნების კომისიები საქართველოში არ არის და, როცა რამე იდგმება, ასეთ გადაწყვეტილებებს კომპეტენტური კომისია არ წყვეტს. ასე მგონია, ეს არის ყველაზე ცუდი რამ ჩვენთვის. არიან ადამიანები საქართველოში, როგორც უფროს თაობაში, ასევე – ახალგაზრდებში, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ ამ კომისიაში და კომპეტენტური აზრი გამოიტანონ. ჩემთვის პირადად ე.წ. ველოსიპედი იმდენი უბედურება არ არის, როგორც, მაგალითად, ძველი საბჭოთა პერიოდის, თუნდაც კარგი ფილმების რემიქსების ქანდაკებებად დადგმა (საუბარია „მიმინოს“ გმირებზე).
ეს შეეხება ბათუმში დადგმულ შლოპანცებსაც. კომისის გარეშე ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, კომპეტენტური სამხატვრო საბჭო უნდა არსებობდეს. უკვე აღარ ვუყურებ ასეთი კრიტერიუმით, ეს ნიმუშები პირადად მომწონს თუ არა, მთავარია, აღდგეს არქიტექტორების, მოქანდაკეების, მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეებისგან შემდგარი კომპეტენტური საბჭო და ის წყვეტდეს, რა მოუხდება ჩვენს ქვეყანას, რომელი ქანდაკება დაიდგას, რომელი მონუმენტი ან რა ნაგებობა აშენდეს საქართველოში.
გიგანტური ველოსიპედის დახმარებით სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია სარწმუნოდ მიგაჩნიათ?
- ამით ველოსიპედის პოპულარიზაცია შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა. ეს უკვე შედეგია, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ არცერთ ქვეყანაში კომპეტენტური კომისიის გარეშე – არც ნიუ-იორკში, ლონდონში – არაფერი შენდება და არ იდგმება. მე ვთხოვ ჩემს მთავრობას, ეს გაითვალისწინოს.
უცხოეთში სად შეგხვედრიათ უგემოვნების ნიმუში?
- თუ ასე წავიდა, მაშინ ერთ რამეს გეტყვით, 60-იანი წლების ბოლოს პოპარტის ერთ-ერთმა მამამ, კლას ოლდენბურგმა დადგა სარეცხის სარჭი, „შპილკებს“ რომ ვეძახით. ეს ნიუ-იორკში დგას და ახლაც ერთ-ერთ შედევრად ითვლება. დღესაც უცხოეთში ჩვეულებრივი საგნები, ნივთები გადიდებული ფორმით დგას. ეს მიღებული ფორმაა, ამ მხრივ განსაკუთრებულ სასწაულს არ ვახდენთ.
მაგრამ თბილისს არ უხდება?
- როგორ გითხრათ... უხდება, არ უხდება – არ არის მთავარი. კომისიამ უნდა იმუშაოს, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. თავისუფლების მოედანზე არ უნდა იდგეს ე.წ. წმინდა გიორგის ქანდაკების მესამასე ასლი. არ უნდა დადგან რუსული შესანიშნავი ფილმის, მაგრამ მაინც საბჭოთა ფილმის ქანდაკება. არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ, ეს საკითხები კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. ძალიან კარგი არქიტექტორები, მოქანდაკეები გვყავს. ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო კომისია შედგეს. თორემ ასეთი ტიპის ქანდაკება დასავლეთშიც აურაცხელი იდგმება.
გთავაზობთ მსოფლიოს ქალაქებში დადგმული უცნაური სკულპტურების კოლაჟს, რამაც იქაურ საზოგადოებაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:
მელბურნი, ავსტრალია – ამოყირავებული ძეგლი;
ჰალსტუხიანი მამაკაცი დიპლომატით ხელში, - ლოს-ანჯელესი, ბიზნეს ცენტრის შესასვლელი.
სპილო – ჩიკაგო, აშშ;
ზვიგენი – ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი,
ლურსმნის სკულპტურა – ლონდონი.
1363
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85