მომავალ წელს ცნობილი ინგლისური ჯგუფი “The Rolling Stones”-ის დაარსებიდან 50 წელი სრულდება. ამ თარიღის აღსანიშნავად ჯგუფის გიტარისტმა კიტ რიჩარდსმა თადარიგი უკვე დაიჭირა.
გამოცემა “Spinner”-ის ინფორმაციით, რიჩარდსი ჯგუფის ყოფილ წევრებს, ბას-გიტარისტ ბილი უაიმენსა და გიტარისტ მიკ ტეილორს დაუკავშირდა.
67 წლის რიჩარდსის ინფორმაციით, ის და “The Rolling Stones”-ის ორი წევრი რონი ვუდსი და ჩარლი უოტსი, ჯგუფის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად განსაკუთრებით ემზადებიან. უახლოეს თვეებში ისინი სპეციალური ჯემ-სეიშენის მოწყობას გეგმავენ.
ჯერჯერობით უცნობია უაიმენისა და ტეილორის რეაქცია ჯგუფში მიწვევის თაობაზე. ასევე არ არის ცნობილი საზეიმო ღონისძიებებში ჯგუფის ლიდერი მიკ ჯაგერი თუ მიიღებს მონაწილეობას.
ცნობილია რომ ჯაგერს ამ საკითხზე საკუთარი გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუთქვამს.
ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, “The Rolling Stones”-მა გამოსაცემად მოამზადა 1978 წელს ჩაწერილი დისკის “Some Girls” ახალი განახლებული ალბომი. ის დღის სინათლეს მიმდინარე წლის 22 ნოემბერს იხილავს.
ბილი უაიმენი ჯგუფში 1962-1993 წლებში გამოდიოდა, მიკ ტეილორი კი 1969-1974 წლებში. ამ მუსიკოსების გარდა სხვადასხვა დროს ჯგუფში ბრაიან ჯონსი, იან სტიუარტი და ტონი ჩეპმენიც ირიცხებოდნენ.