“Black Sabbath” საგასტროლო ტურნესათვის ემზადება

“Black Sabbath” საგასტროლო ტურნესათვის ემზადება

რამდენიმე დღის წინ ქალაქ ლოს-ანჯელესის ლეგენდარულ კლუბში “Whisky a Go Go” ცნობილი ჯგუფი “Black Sabbath”-ის წევრებმა პრეს-კონფერენცია ჩაატარეს. ოზი ოსბორნმა, ტონი აიომიმ, გიზერ ბატლერმა და ბილ უორდმა განაცხადეს, რომ მომავალ წელს საკონცერტო მოღვაწეობას განაახლებენ. ამის გარდა ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობას უკვე შეუდგნენ.

 

გუშინ ცნობილი გახდა მომავალ წელს დაგეგმილი მსოფლიო საგასტროლო ტურნეს გრაფიკი.

 

გაერთიანებული “Black Sabbath” პირველ კონცერტს 2012 წლის 18 მაისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩაატარებს. 20 მაისს ლეგენდარული ჯგუფი სანკტ-პეტერბურგს ეწვევა.

 

რუსეთის შემდეგ მუსიკოსები საგასტროლო ტურნეს შემდეგ ქვეყნებში გააგრძელებენ: ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია და იტალია.

 

დღეისათვის ცნობილია რომ “Black Sabbath” ევროპის კონტინენტზე 15 კონცერტს გამართავს. ტურნე მომავალი წლის 24 ივნისს დასრულდება.

 

ოზი ოსბორნის ინფორმაციით, შესაძლებელია ევროპული გასტროლების დამთავრების შემდეგ ჯგუფი მსოფლიოს იმ ქვეყნებსაც ესტუმროს, სადაც ხანგრძლივი კარიერის დროს არასოდეს ყოფილა.

 

დღეისათვის ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი “Never Say Die!” 1978 წლით არის დათარიღებული. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსები 2012 წელს ახალი ალბომის გამოცემასაც აპირებენ.