ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობის ვაკანტურად დატოვება სურს

ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობის ვაკანტურად დატოვება სურს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობის ვაკანტურად დატოვება სურს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს ექსპერტებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა, თუ ამით კანონმდებლობა არ დაირღვევა, მინისტრის თანამდებობა გამოძიების დასრულებამდე ვაკანტური დარჩება.

"ვფიქრობ, გამოძიების პროცესი 24 მაისამდე დასრულდება. პროკურატურაში ამისთვის მზაობაა. სასამართლომდე ვინმეს დანაშაულზე არ უნდა ვისაუბროთ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ საკმარისი მასალები აქვს და პროცესი მალე დასრულდება. თუ დავით კირვალიძის დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება, ჩემი დიდი სურვილია იგი თანამდებობაზე დაბრუნდეს. იქამდე კი, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა და სიმართლე არ გვეცოდინება სამინისტროში განვითარებულ პროცესებში კირვალიძის მონაწილეობა არ მონაწილეობის შესახებ, კარგი იქნება ამ ადგილზე არავინ დაინიშნის", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის მინისტრის დანიშვნის ვადა 24 მაისს ეწურება.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ წევრს, პრეზიდენტის თანხმობით, ორი კვირის ვადაში ნიშნავს.

თანამდებობიდან წასვლის თაობაზე დავით კირვალიძის ცნობილი განცხადებიდან ორ კვირაზე მეტია გასული - ამ გადაწყვეტილების შესახებ კირვალიძემ კოლეგებს და მედიას 2 მაისს აცნობა, თუმცა კირვალიძის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულება 10 მაისით თარიღდება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი 24 მაისისთვის დანიშნული უნდა ჰყავდეს.

ამასთან, რაკი მთავრობაში ერთი წევრი შეიცვლა, მთავრობის ხელმძღვანელს პარლამენტისგან თანხმობის მიღება არ სჭირდება, თუმცა პრემიერმა მომავალი მინისტრის კანდიდატურა პრეზიდენტთან უნდა შეათანხმოს.