"საელჩოს წარმომადგენლები და პირადად მე, პრეზიდენტს აეროპორტში დავხვდით"

აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებით, ის საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში პირადად დახვდა. 

ასე გამოეხმაურა გეგეშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ "სამარცხვინოა, როდესაც საგარეო უწყება საკუთარ არათანმიმდევრულობას პრეზიდენტის ადმინისტრაციას აბრალებს, ვინაიდან აშშ-ში პრეზიდენტის წინა ვიზიტის დროს (24 აპრილი - 2 მაისი), ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ დარჩიაშვილი ესწრებოდა, თავად ელჩი არჩილ გეგეშიძე იმ პერიოდში ამერიკაში არც კი იმყოფებოდა".

"საელჩოს წარმომადგენლები და პირადად მე, პრეზიდენტს აეროპორტში დავხვდით და ასევე გავაცილე, როდესაც ის ვაშინგტონიდან ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა. რაც შეეხება ამჯერად განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მის შეხვედრებს ვაშინგტონში, ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ორი შეხვედრა გამართა. მას საელჩოსგან არაფერი მოუთხოვია და საღამოს დაგეგმვაში ჩვენი არანაირი მონაწილეობა არ ყოფილა", - განაცხადა გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე თვის განმავლობაში აშშ-ში ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას არჩილ გეგეშიძეს შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი უთხრა.