დავით უსუფაშვილი - ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი

დავით უსუფაშვილი - ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ფარულ თვალთვალთან დაკავშირებული სტატისტიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით სასამართლო ნებართვა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასატარებელია მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები, რის განხორციელებასაც, მისივე თქმით, პარლამენტი მთელი სერიოზულობით აპირებს.

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ 2011 წელს 7 000-ზე მეტი მოთხოვნა გაიგზავნა სასამართლოში ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით, აქედან მოსამართლემ მხოლოდ 10 მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რეალურად არანაირი სასამართლო კონტროლი არ გვაქვს და პოლიციელი და პროკურორები იღებდნენ თანხმობას სასამართლოსგან იმაზე, რასაც ითხოვდნენ. ასევე ირკვევა ისიც, რომ თუკი უცხოეთში ფარულ მოსმენაზე და თვალთვალზე მოსამართლე ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს თუკი პოლიციამ, საგამოძიებო ორგანოებმა დანაშაულის გახსნის ყველა სხვა საშუალება ამოწურა, საქართველოში მსგავსი სტანდარტი არ არის და შეიძლება გამოძიება პირდაპირ იმით დაიწყოს, რომ მეორე დღესვე სათვალთვალო კამერები დააყენონ და არავითარი სხვა ღონისძიებები არ ჩაატარონ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ საჭიროა ქვეყანაში დაინერგოს ღია და ჩვეულებრივი საშუალებებით დანაშაულის გახნის ღონისძიებები და ფარული თვალთვალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს აუცილებლობად განისაზღვროს.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული პრაქტიკა ცხადყოფს იმასაც, რომ ფარული ჩაწერებისას შესაძლებელია ფარულ ჩანაწერებში აღმოჩნდნენ ისეთი პირები, რომლებიც არანაირ საქმეში ეჭვმიტანილები არ არიან, მაგრამ შემთხვევით აღმოჩნდებიან თვალთვალის ობიექტთან ერთად.

უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცალკე თემაა, უკანონოდ განხორციელებული თვალთვალი და მიყურადება და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი სერიოზულად იმუშავებს და გადახედავს სადღეისოდ მოქმედ კანონმდებლობას.