პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრი უნდა იყოს

პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრი უნდა იყოს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კუბლაშვილმა განუცხადა, ამ საქმეში მხარეებად დაყოფა არ უნდა მოხდეს.

"მინდა ხაზგასმით ვთქვა, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ, როდის არის გაკეთებული უკანონო ფარული ჩანაწერები, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დასაყენებელია, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს და სასჯელი უნდა იყოს მკაცრი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პავლე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა განადგურდეს ფარული ჩანაწერების არქივი, თუმცა კუბლაშვილი თვლის, რომ ეს არ შეცვლის იმის გარანტიას ასეთი ჩანაწერები სამომავლოდ ისევ არ გამოჩნდება.
"არ არის გარანტია იმისა, რომ ფარული ჩანაწერების არქივი არ არის კოპირებული და ვინმე მას მომავალში შანტაჟისათვის კვლავ არ გამოიყენებს, როგორც ეს შს მინისტრის მოადგილის შემთხვევაში მოხდა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, რისთვისაც ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, მათ შორის აუცილებელია შეიქმნას საკანონმდებლო გარანტიები", - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტები ფარული ჩანაწერებისა და ფარული მიყურადების საკითხზე მსჯელობენ.

დღევანდელ სხდომაზე მიწვეული იყვნენ შინაგან საქმეთა, იუსტიციის მინისტრები, ასევე მთავარი პროკურორი, თუმცა მთავრობის წარმომადგენლების მივლინებების გამო, სხდომაში მათი მოადგილეები იღებენ მონაწილეობას.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაში მონაწილეობენ არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.