თომას ჰამერბერგი - მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია პოლიტიკურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს

თომას ჰამერბერგი - მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია პოლიტიკურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს

მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია მართლმსაჯულების სისტემის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს და არა - პარალელური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი , - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები ან რომელიმე პარტიის წარმომადგენლები. როგორც თომას ჰამერბერგი აღნიშნავს, აუცილებელია კომისია პროფესიონალებით დაკომპლექტდეს და ემსახურებოდეს ჭეშმარიტებას და არა პოლიტიკურ მიზნებს.

"ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, უნდა ჰქონდეთ საქმეების გადახედვის აუცილებლობა. აქამდე საპროცესო გარიგება იყო ერთადერთი მექანიზმი, რომელზეც თანხმობას ადამიანები ხშირ შემთხვევაში იძულებით აცხადებდნენ. ვფიქრობ, ადამიანებს, თუ მათ მიმართ დაირღვა სამართლიანობა, უნდა მიეცეს საშუალება გადაიხედოს მათი საქმეები, რათა აღდგეს სამართლიანობა", - აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

იგი მიიჩნევს, რომ ამ კომისიასთან დაკავშირებით დიალოგი აუცილებელია. თომას ჰამერბერგმა პოზიტიურად შეაფასა ის კონფერენცია, რომელიც დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის, სასამართლო სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.

"ეს არის მხარეების სიმწიფის დემონსტრირება იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა და პროცესები სათანადოდ განვითარდეს. ახლა მთავარი გამოწვევაა, როგორ მოხდეს მათი ინტერსების დაკმაყოფილება, ვინც თვლის, რომ მის მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა მისი საქმეები დახურულია. მთავარი გამოწვევაა ის, როგორ გადაიხედოს ეს საქმეები ისე, რომ სასამართლოსადმი ნდობა არ შეიბღალოს. პროკურატურაში, პარლამენტსა და სახალხო დამცველის ოფისში 7 000-ზე მეტი საჩივარია შესული. ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ არასწორი სასამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, შესაბამისად ამ საქმეებს შესწავლა სჭირდება", - აღნიშნა ჰამერბერგმა.

თომას ჰამერბერგი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტი გაგზავნილია ვენეციის კომისიისთვის. მისი ინფორმაციით, ვენეციის კომისია ივნისში მოამზადებს დასკვნას, რაც ძალიან საჭიროა.

"ადგილი უნდა ჰქონდეს დიალოგს და საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს რჩევებს, რათა საბოლოოდ მიიღოს სათანადო კანონი", - აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.