ნიდერლანდების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ნიდერლანდების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

რამდენიმე ახალგაზრდამ ნიდერლანდების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდაქტიკური ტონით გამოეხმაურა 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა.
აქციის მონაწილეთა თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს მორალური და იურდიული უფლება, რომ საქართველში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩარევა მოახდინოს, მით უმეტეს, ისეთი საკითხის გამო, როგორიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა.

"საქართველოს და ქართულ საზოგადოებას ჰოლანდიელებისგან განსხვავებით აქვს სხვა ღირებულებათა და ფასეულობათა სისტემა, ამიტომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ტრადიციას და მრწამსს, რომელიც ვერასოდეს ვერ იქნება კონფორმისტულად განწყობილი გარყვნილების პროპაგანდასთან თავსებადი", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათივე თქმით, ნიდერლანდების მთავრობის მსგავსი განცხადება ნამდვილად არ ჯდება პლურალიზმის და ტოლერანტობის ჩარჩოებში, არამედ წააგავს იდეოლოგიური ოკუპაციის ძალადობრივი გზით განხორციელებას.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები, სადაც ისინი გამოხატავენ თავიანთ მოთხოვნას. დღესვე აქციის მონაწილეებმა ნიდერლანდების საელჩოსთან სიმბოლურად ტიტებიც მიიტანეს და საელჩოს შესასვლელში დააწყვეს.

აქციის მიმდინარეობისას საელჩოსთან მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. აქციის ორგანიზატორები იყვნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" და "ევრაზიის ინსტიტუტი".

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნიდერლანდებში საქართველოს ელჩი შოთა ღვინერია 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაუბარებიათ და მასთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.
17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა. როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, "მინისტრი შოკირებულია საქართველოში ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავი დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევით, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა".