გმირთა მოედანზე ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობაზე 114 864 750.06 ლარი დაიხარჯა

გმირთა მოედანზე ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობაზე 114 864 750.06 ლარი დაიხარჯა

გმირთა მოედნის ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობის სამუშაოებზე 114 864 750.06 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტისტუტი - IDFI ავრცელებს.

IDFI-იმ გმირთა მოედანზე ესტაკადისა და ავტომაგისტრალის მშენებლობისა და პროექტირების სრული ხარჯთაღრიცხვის შესახებ მერიიდან ინფორმაცია ერთ-ერთი მოქალაქის თხოვნით გამოითხოვა.
მერიიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, გმირთა მოედნის ავტომაგისტრალთან დაკავშირებულ სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებზე სულ დაიხარჯა 114 864 750.06 ლარი და აღნიშნული თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე დაიხარჯა 1 500 000 ლარი, ხოლო მშენებლობის სამუშაოებზე – 90 386 038,20 ლარი; ვერეს ხევზე მშენებარე საქალაქო ავტომაგისტრალიდან (იყალთოს მთის გავლით) საბურთალოს ქუჩამდე (იპოდრომამდე) და ი.ჭავჭავაძის გამზირიდან (ყოფილი მე-9 საავადმყოფოს შესასვლელიდან) ნ. რამიშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზების მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობაზე – 185 000, ხოლო მოწყობის სამუშაოების განხორციელებაზე 22 793 711,86 ლარი დაიხარჯა.

ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე სახელმწიფო ტენდერი 2009 წლის 1 ივლისს გამოცხადდა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "კაუკასუს როუდ პროჯექტმა", რომელიც 2005 წელს დაარსდა და რომლის დირექტორიც 2012 წლის ივლისამდე იყო პაატა ტრაპაიძე, შემდგომში დასაქმების სახელმწიფო მინისტრი. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა მესტიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, მთავრობის სახლი ქუთაისში, ანაკლია-განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი და სხვ.

რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირიდან ნ. რამიშვილის ქუჩამდე და ვერეს ხევის ახალი ავტომაგისტრალიდან თამარაშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზის და გვირაბის (იყალთოს მთის გავლით) მოწყობაზე გაწეულ ხარჯებს, თბილისის მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ხარჯმა შეადგინა 22 793 711,86 ლარი. აღნიშნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერშიც ასევე "კაუკასუს როუდ პროჯექტმა" გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულება 2011 წლის 5 მაისს გაფორმდა.

გმირთა მოედნის ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შესახებ სტატია საჯარო ინფორმაციის ანალიტიკურ ბლოგზე გამოქვეყნდა.