2004 წლის 1-ელი იანვრიდან განაჩენდამდგარი სისხლის სამართლის საქმეები გადასინჯვას დაექვემდებარება

2004 წლის 1-ელი იანვრიდან განაჩენდამდგარი სისხლის სამართლის საქმეები გადასინჯვას დაექვემდებარება

მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის დადგენილებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოს სპეციალური პალატა მიიღებს , რომელიც სწორედ ამ მიზნით შეიქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, პალატა, რომლის შექმნაც სააპელაციო სასამართლოშია დაგეგმილი, ახლადგანწესებული მოსამართლეებით დაკომპლექტდება.

"დაგეგმილია სააპელაციო სასამართლოში სპეციალური პალატის შექმნა. ის დაკომპლექტდება ისევ და ისევ მოსამართლეებით, მაგრამ არა სისტემაში უკვე არსებული, არამედ ახლადგანწესებული მოსამართლეებით", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა პერიოდის საქმეებზე იმსჯელებს კომისია, ბარამიძის განმარტებით, განისაზღვრა ვადა და გადასინჯვას დაექვემდებარება 2004 წლის 1-ელი იანვრიდან განაჩენდამდგარი სისხლის სამართლის საქმეები.

"ვახტანგ ხმალაძემ თქვა და მეც ვეთანხმები, რომ სადღაც უნდა დავადგინოთ ზღვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ჩავიდეთ 1920-იან ან სულაც 1800-იან წლებამდე, რაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, რაღაც ზღვარი უნდა გაგვევლო და ასეთ ზღვრად დავადგინეთ 2004 წლის 1 იანვარი", - აღნიშნა ბარამიძემ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილე კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებსაც გამოეხმაურა და კომისისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული მოსამართლეების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხა.

"კანონპროექტში არანაირი ნორმა არ არის ჩადებული, რომლითაც კომისიის დადგენილება შეიძლება გახდეს მოსამართლის მიმართ დევნის განხორციელების საფუძველი, ასე, რომ არაფერი მიუთითებს ამგვარი რისკების საშიშროებაზე", - დასძინა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

იუსტიციის სამინისტროს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებით სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტი მოამზადა. საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე გამოტანილ განაჩენებზე.

პროექტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში, რომლის დასკვნაც, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებისთვის მომზადდება.