ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისთვის გაფიცულთა ულტიმატუმი მიუღებელია

ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისთვის გაფიცულთა ულტიმატუმი მიუღებელია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისთვის ულტიმატუმის რეჟიმში მოლაპარაკებები მიუღებელია. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება , "ჯორჯიან ამერიკან ევოისი" მოლაპარაკებების გაჭიანურებაში სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირს ადანაშაულებს.

საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაკა კვარაცხელიას ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულებებზე შეთანხმდნენ, თუმცა პროფკავშირებმა მათზე ხელმოწერა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს.

"საწარმო ულტიმატუმის რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელებას არ გეგმავს. მუშებს განაცდურ დღეებზე ხელფასი არ დაერიცხებათ", - განმარტა მაკა კვარაცხელია.

მასთან, ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ. ქარხნის ასობით თანამშრომელი ხელფასის ზრდის მოთხოვნით დღეს 09:00 საათიდან გაიფიცა.

ქარხანაში დასაქმებულები მოითხოვენ, მათი შრომის ანაზღაურება გაიზარდოს 50%-ით; ღამით ნამუშევარი საათების ანაზღაურება გაიზარდოს 20%–ით და ხელი მოეწეროს იმ კოლექტიური მოლაპარაკების პროექტს, რომელზეც მხარეები შეთანხმებული არიან.

ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობა ამ დროისთვის პარალიზებულია.