ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობა პარალიზებულია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობა პარალიზებულია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობა პარალიზებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქარხნის თანამშრომლებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი გაფიცვა ხელფასის ზრდის მოთხოვნით დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო და აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს.

ქარხანაში დასაქმებულები მოითხოვენ, მათი შრომის ანაზღაურება გაიზარდოს 50%-ით; ღამით ნამუშევარი საათების ანაზღაურება გაიზარდოს 20%-ით და ხელი მოეწეროს იმ კოლექტიური მოლაპარაკების პროექტს, რომელზეც მხარეები შეთანხმებული არიან.

ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია 16 მაისსაც გამართეს, ფართომასშტაბიანი გაფიცვა კი ადმინისტრაციის უარის გამო დაიგეგმა.