არქიმანდრიტი ანთიმოზი - შეგვინდოს უფალმა, თუ გადავამეტეთ

არქიმანდრიტი ანთიმოზი - შეგვინდოს უფალმა, თუ გადავამეტეთ

სამების ტაძრის მოძღვარი ანთიმოზ ბიჩინაშვილი უარყოფს, რომ ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში მისი ბილწსიტყვაობა ისმის. როგორც არქიმანდრიტი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს , ბერად აღკვეცის შემდეგ ბილწსიტყვაობას განსაკუთრებით ებრძვის და მისი თანდასწრებით გინებას ყველას უკრძალავს.

"როდესაც ზურგით ვდგავარ, მაშინ ისმის გინება. ზუსტად მახსოვს, რაც ვთქვი - ცნობილი ქართული ფილმიდან ფრაზა გავიმეორე, გამოდით, რამდენი ხართ, უნდა დაგთვალოთ-მეთქი. ვიდეოკადრებში კი ისმის, თითქოს ვიგინები. ეს ჩემი ხმა არ არის. ვეცადეთ, რაც მოხდა, არ მომხდარიყო, მაგრამ არ გამოგვივიდა. ერთი საათი ვეხვეწებოდით 30-40 გასულელებულ ბავშვს, არ ჩაეტარებინათ აქცია, რათა მათ წინააღმდეგ გამოსვლას აგრესიული ფორმა არ ჰქონოდა, მაგრამ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, არ დაიშალოთ, უნდა გამოხვიდეთო. საქმე იმაშია, რომ ათასობით ადამიანი გამოსული იყო არა იმ ბავშვების, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ცდილობს ცოდვის, ანტიქრისტეს იდეოლოგიის გაბატონებას. მათ წინ აფარებული ჰყავთ ეს გასულელებული ბავშვები", - აცხადებს მამა ანთიმოზი.

არქიმანდრიტი განმარტებას იმ კადრებზეც აკეთებს, რომლებშიც სასულიერო პირი ტაბურეტით ხელში გარბის. მისი თქმით, აღნიშნულ სასულიერო პირი ახლადგადატანილი ოპერაციის გამო თავს სუსტად გრძნობდა და ტაბურეტი აქციაზე დასაჯდომად წამოიღო.

"ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ანტიქრისტემ ვერ დაიდგას ტახტი და ივერია გაბრწყინდეს. პირველი შევეწირები ამ ბრძოლას. ვეძებ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ საქართველოში არ გაბატონდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მანკიერება. არავისთვის დაგვიმტვრევია თავ-პირი. პატრულს ვეხმარებოდი, რომ მშვიდობიანად გასულიყო მიკროავტობუსი, რომელსაც ხალხი მივარდა. ძალიან ბევრი ხალხი იყო იქ, ვერ გავაკონტროლებდით ყველაფერს. სასულიერო პირი რომ ვინმეს სცემდეს, ასეთი კადრი არ არსებობს. ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, იმ წიაღიდან, საიდანაც თქვენ, ერთნაირები ვართ. ციდან ჩამოფრენილები არ ვართ და გადაცდომა ემოციისას ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და შეგვინდოს უფალმა, თუ გადავამეტეთ", - აცხადებს არქიმანდრიტი ანთიმოზი.

17 მაისის მოვლენების შესახებ ინტერნეტში რამდენიმე ვიდეომასალა გავრცელდა. მათ შორის განხილვის თემად იქცა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, სასულიერო პირის გინება ისმის.