მიკ ჰაკნალი – “ცოცხალი ვარ”

მიკ ჰაკნალი – “ცოცხალი ვარ”

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ “Global Associated News” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯგუფი “Simply Red”-ის ყოფილი ლიდერი მიკ ჰაკნალი გარდაიცვალა.

 

გამოცემის მტკიცებით, 51 წლის მუსიკოსი დასასვენებლად ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე იმყოფებოდა. ერთ დილას წყლის თხილამურებით გასეირნება გადაწყვიტა. მაღალი სიჩქარით მოსრიალე ჰაკნალი თურმე ნავების სადგომს შეეჯახა და ადგილობრივ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

ამ ცნობამ მომღერლის მრავალი თაყვანისმცემლის დიდი მწუხარება გამოიწვია. ინტერნეტის სხვადასხვა ვებ-გვერდები აჭრელდა სამგლოვიარო განცხადებებით, სადაც ფანებმა ჰაკნალი გამოიტირეს.

 

ორიოდე დღის წინ გაირკვა, რომ ამერიკულ გამოცემას დაუზუსტებელი ინფორმაცია გაუვრცელებია. “გარდაცვლილმა” მიკ ჰაკნალმა საკუთარ თაყვანისმცემლებს საგანგებო წერილით მიმართა.

 

“ოფიციალურად მოვკვდი, არაოფიციალურად კი ჯერჯერობით ცოცხალი ვარ. გარწმუნებთ, თავს ჩინებულად ვგრძნობ. რამდენიმე დღეა შესანიშნავად ვისვენებ. აქ თბილა და მშვენიერი გარემოა. ყოველ საღამოს წვეულებებზე დავდივარ. სიკვდილს არ ვაპირებ. დაწყნარდით. თქვენი მიკ ჰაკნალი ცოცხალია”.

 

ჯგუფი “Simply Red” 2007 წელს დაიშალა და მიკ ჰაკნალმა სოლო კარიერა წამოიწყო. მისი სადებიუტო ალბომი “Tribute To Bobby” 2008 წელს გამოვიდა.