ბრიჯიტ ბრინკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას

ბრიჯიტ ბრინკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას და იმას, რომ ვინც ძალადობაზე იყო პასუხისმგებელი, პასუხი აგოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა.

ბრიჯიტ ბრინკის თქმით, იგი ეთანხმება პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებს იმის შესახებ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას, ასევე, აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება და ეს პრინციპი არ უნდა დაირღვეს, მიუხედავად იმისა, რამდენად ემოციური არ უნდა იყოს საკითხი.

"მე რამდენადაც ვიცი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწარმოებს გამოძიებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ქმედებას და იმას, რომ ვინც ძალადობაზე იყო პასუხისმგებელი, პასუხი აგოს", - აღნიშნა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასრულების შემდეგ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ამასთან, მან ქართველ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან და პრემიერთან ერთად პოლიციელის დღე აღნიშნოს. "ეს არის დიდი პატივისა და ღირსების დღე. რა საკვირველია, პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ მე ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხარო საქართველოს პოლიციას იმისთვის, რომ ისინი იცავენ დიპლომატიურ მისიებსაც და ჩემს თანამშრომლებს", - დასძინა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.