იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები დღეს თბილისში გაერთიანებულ გასვლით სხდომას გამართავენ. გასვლითი სხდომა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში 14:00 საათზე დაიწყება და მასზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერის, კინო და ფოტოგადაღების საკანონმდებლო მოწესრიგებისა და კანონიერების დაცვის პრობლემები განიხილება.
სხდომაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი. სხდომას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული მოქალაქეები.
ღონისძიება ორგანიზებულია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.