დანაშაულებრივ რეჟიმთან კოჰაბიტაცია შეიძლება დანაშაულის ტოლფასი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სპორტის სასახლეში განუცხადა, სადაც ყრილობის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა და მიმდინარე ღონისძიებას შეუერთდა.
"აქ მოსული ადამიანები იმიტომ შეიკრიბნენ, რომ ხელისუფლებას უთხრან - "ჩვენ არ მიგვიცია ხმა პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაცისთვის", ხმა ხალხმა ახალ ხელისუფლებას მისცა იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანი, რომლის უფლებებიც შეილახა, სამართლიანობის აღდგენას ელოდება. მე მოვედი მათთან, რომ გამოვუცხადო სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა. დავაფიქსირო, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. კოჰაბიტაცია დანაშაულებრივ რეჟიმთან შეიძლება დანაშაულის ტოლფასი გახდეს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ყრილობა სპორტის სასახლეში ამ წუთებშიც გრძელდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც პარლამენტის დადგენილებით პოლიტპატიმრებად და პოლიტდევნილებად გამოცხადებული პირები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. მათი მოთხოვნებია - გასამართლდეს "ნაციონალური მოძრაობა" და პასუხისგებაში მიეცეს წინა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თანამდებობის ის პირები, რომელთაც დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები მიიღეს.