რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით, სპორტის სასახლეში მიმდინარე ყრილობას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეუერთდა. როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით მიმდინარე ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
"ზოგადად, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა, რომელიც საჭიროებს სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას. ყველა შესაბამისი საქმე უნდა იყოს შესწავლილი, გამოძიებული, რათა ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი არ გაჩნდეს", - აღნიშნა ნანუაშვილმა.
ყრილობის დევიზია - "სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს". სპორტის სასახლეში შეკრებილი არიან პარლამენტის დადგენილებით პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირები, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ წინა მმართველობის პერიოდში უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებას ჰქონდა ადგილი. მოთხოვნა არის საერთო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კანონის სრული სიმკაცრით გასამართლება მოხდეს.