საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, საზღვარგარეთ მასთან ერთად იარონ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ტაილანდში, აზია-წყნარი ოკეანის წყლის მეორე სამიტის მსვლელობისას განაცხადა.
"რუსეთის ფედერაცია იმისთვის მუშაობს, რომ რაღაცნაირად დააკანონოს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თავისთავად ის, რომ ამ ოკუპაციას აღიარებს ძირითადად მხოლოდ რუსეთი, ნიშნავს, რომ მას აუცილებლად მოუწევს ამ ტერიტორიებიდან გასვლა, მაგრამ თუ შეძლებს, რომ ბევრმა ქვეყანამ დააკანონოს ეს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს პროცესი რუსეთის თვალსაზრისით გახდება შეუქცევადი. ამიტომ ახლა როგორც არასდროს, საჭიროა ძალიან სერიოზული დიპლომატიური ქმედებები. ჩვენ წინა წლებში გავაჩერეთ, ჩვენი ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების პროცესი სწორედ დიპლომატიით. აქ აზიის ქვეყნების სამიტია და ზუსტად ის ადგილი, სადაც მთელი რიგი რისკის ჯგუფის ქვეყნები ჩამოდიან. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი დელეგაცია ჩამოვიდა, თუმცა აქ სამწუხაროდ, არ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. არადა იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი დადის, საგარეო უწყებაც უნდა დადიოდეს და კულუარებში უნდა მუშაობდეს ამ საკითხებზე, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე გაკვირვებული ვარ, რატომ არ არის აქ სამინისტრო. მათ ამ სამიტის შესახებ რამდენიმე თვით ადრე იცოდნენ, მე ვფიქრობ, რომ მომავალში მეტი კოორდინაცია გვმართებს. მე ახლა მივდივარ ეკვადორში, პრეზიდენტის ინაუგურაციზე. ჩვენ მათთან დიდი ხანია, დავამყარეთ ურთიერთობები და განვითარდა ის, რომ ეკვადორი მთლიანად უწყობს ხელს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ იქაც ჩამოდიან რისკ-ჯგუფების ქვეყნები, ამიტომ მე მინდა, შევთავაზო მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომ წამოვიდნენ ჩვენთან ერთად დელეგაციების შემადგენლობით, რომ მხოლოდ უმცირესობის წევრები არ ვატაროთ. პრეზიდენტის დელეგაცია უნდა იყოს ორივე ფრთის წარმომადგენლებით შედგენილი. მე მხოლოდ გამიხარდება თუ უმრავლესობის წარმომადგენლები წამოვლენ ჩვენთან ერთად. ჩვენ პოზიციებში განსხვავება არ უნდა იყოს, ამ თემებზე ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ. ეკვადორში მაინც უნდა გამოსწორდეს ის სიტუაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს თან ახლდეს და მუშაობდეს საქართველოს საკითხებზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხელჩართულ დიპლომატიურ ბრძოლაში და უმრავლესობამ და უმცირესობამ საქართველოსთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.