პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, 17 მაისის აქციაში მონაწილე სასულიერო პირებთან დაკავშირებით ეკლესიაც მიიღებს ზომებს.
ამის შესახებ მეუფე იაკობმა სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
"მე იქ ვიყავი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, უბრალოდ ჩვეულებრივი ქართველობა არ გამომივიდა, რადგან ეპისკოპოსის ჯვარი ისეთი ჯვარია, რომ რაც არ უნდა ვიძახო, რომ მარტო სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ვიყავი, ამის დაჯერება რთულია. იქ იმისთვის მივედი, რომ ვინც მიცნობს ის მხარე მაინც გამეჩერებინა. ასევე მოსული იყვნენ მამები, რომ ვისაც იცნობდნენ ისინიც გაეჩერებინათ. მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებამაც იყოჩაღა. ის ადამიანები გაარიდა იქიდან და სხვათა შორის, პოლიცია და მამები ერთად ეხმარებოდნენ დაშლაში იქ რაც ხდებოდა. ძალიან რთული რამ იყო. ეკლესიაც მიიღებს ზომებს ჩვენი კანონებით რაც ეკუთვნით და მე ვფიქრობ, რომ არც სამოქალაქო სამართლის წინაშე გაუჭირდებათ წარსდგომა, რადგან ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, როგორც ხმაურობენ და როგორც ლაპარაკობენ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.