საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ყველა მოძალადე კანონის ფარგლებში უნდა დაისაჯოს.
ამის შესახებ ბრინკმა დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩემთვის დიდი პატივია დღეს ბატონ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად აღვნიშნო პოლიციის დღე. ეს არის ღირსების და პატივის დღე და პოლიციელთა ღვაწლის დაფასება. პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეებს და ეს მათი ძირითადი მოვალეობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას იმისათვის, რომ მინისტრი აწარმოებს გამოძიებას 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ქმედებას და მიგვაჩნია, რომ ყველა მოძალადე კანონის მიხედვით უნდა დაისაჯოს. მე ვეთანხმები პრემიერის გამონათქვამს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება არ უნდა დაირღვეს", - განაცხადა ბრინკმა.