სამართლიანობის აღდგენისა და წინა ხელისუფლების გასამართლების მოთხოვნით, სპორტის სასახლეში მოძრაობა დაფუძნდება. დღევანდელ ყრილობაზე შეკრებილები ამავე მოთხოვნით სპეციალურ რეზოლუციას მიიღებენ.
როგორც ყრილობის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე განმარტავს, დროა ნაციონალური რეჟიმი და სისტემა კანონის სრული სიმკაცრით გასამართლდეს. მისივე თქმით, ეს იქნება მოძრაობის დევიზი, რომელიც ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს იმ ფაქტებთან და კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელიც, მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების პირობებში ტერორისა და უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ.
ყრილობის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ "ქართველი ხალხი სამართლიან გადაწყვეტილებას ელის და არც ერთი ცივილური სახელმწიფო ხელს არ დააფარებს რეჟიმს, რომელმაც საკუთარი არსით თანამედროვე ფაშიზმის კვალიფიკაცია შეიძინა".
ასევე, ყრილობის მონაწილეები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ მოთხოვნით, რომ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მისცემს მას. საერთაშორისო თანამეგობრობას კი მიმართავენ თხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" შეფასებაში სამართლიანი და ობიექტური პოზიცია დააფიქსირონ.
სპორტის სასახლეში შეკრებილი ყველა მონაწილის პოზიცია ერთნაირია. ისინი აფიქსირებენ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიდის ძალიან ნელი ტემპით. მათი აზრით, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ყველა დამნაშავეს საკუთარი სახელი დაარქვას. შეკრებაში მონაწილეობენ ნანული სარაჯიშვილი, "უცნობი", გია ბურჯანაძე, ია მეტრეველი და სხვ.