საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი ძალიან მალე კიდევ ძალიან სერიოზულ შედეგებს აჩვენებს, - ამის შესახებ უსუფაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი ღარიბაშვილი და მისი გუნდი ძალიან მალე ძალიან სერიოზულ შედეგებს აჩვენებს კიდევ და არა მხოლოდ საპატრულო პოლიცია იქნება მოქალაქის მეგობარი და საიმედო დასაყრდენი, არამედ მთლიანად პოლიციის სისტემა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ ამ სისტემაში რამდენიმე დღის წინ მოხდა ფაქტი, რის შედეგადაც დაკავებული იქნა მინისტრის პირველი მოადგილე. უსუფაშვილის შეფასებით, ეს ადამიანურად მისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს ეს არის კიდევ ერთი უდიდესი დასტური იმისა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ამ უწყებაში კანონი იქნება მთავარი და არა ის, თუ ვინ ვისი მეგობარი ან ნაცნობია.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ამ გადაწყვეტილებას სათანადოდ შეაფასებს. ახალი ხელისუფლების სტანდარტი, კანონები და კონსტიტუცია, დარწმუნებული ვარ, მალე დამკვიდრდება ამ სისტემაში თავიდან ბოლომდე", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.