სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციის თანამშრომლების ხსოვნის უკვდასაყოფად მემორიალი აიგება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, არქივში მოხდა დაღუპული თანამშრომლების მონაცემთა დაზუსტებაც.
"მინდა, განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ პოლიციელთა ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას და საერთაშორისო მისიაში ქვეყნის ინტერესების დაცვას შეეწირნენ. მე მინდა აღვნიშნო, რომ აქამდე, სამინისტროს სისტემაში არ მომხდარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ თანამშრომელთა სრული სიის შედგენა. ჩვენ განვახორციელეთ არქივში მონაცემთა დაზუსტება და ვგეგმავთ ამ თანამშრომლების უკვდასაყოფად მემორიალის აგებას", - აღნიშნა შს მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის დიდი ტკივილია. "დღეს დილით, კარალეთში, პოლიციელის დღის აღნიშვნისადმი განკუთვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ვთქვი და აქაც მინდა გავიმეორო: სახელმწიფოს მიერ ამ კონფლიქტის პოლიტიკური გზით და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტას ყველა სახელმწიფო ორგანოს მიერ განსაკუთრებით გონივრული, თანმიმდევრული, მაღალპროფესიული მიდგომა სჭირდება, რათა აღვადგინოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ძმებთან", - განაცხადა შს მინისტრმა.