შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. შს სამინისტროში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი , პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სამინისტროს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ინოვაციური სიახლეები მიწვეულ სტუმრებს პირადად შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა გააცნეს. პრემიერმა და მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს პოლიციელის ახალი უნიფორმა, სამხრე ვიდეოკამერა, ჟეტონი, ახალი ავტომანქანა და მასზე დასაყენებელი ვიდეორეგისტრატორი. გაიმართა ახალი ვებგვერდის მობილური აპლიკაციისა და ქვეყნის მასშტაბით დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგისთვის დამონტაჟებული კამერების სამეთვალყურეო პროგრამის პრეზენტაცია.
გარდა ამისა, სამინისტროში წარმოადგინეს ახალი კანონი პოლიციის შესახებ, შს სამინისტროს განვითარების სტრატეგია, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი. ამის შემდეგ შს მინისტრმა, პრემიერმა და სტუმრებმა გადაინაცვლეს შენობის ეზოში, სადაც სიტყვით მიმართეს პოლიციელებს და მათ პოლიციის დღეს მიულოცეს. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა 50 წარჩინებული თანამშრომელი დააჯილდოვა.
სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსულები არიან უცხოეთის ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, კერძოდ, ლატვიის, ბელარუსიის შს მინისტრები, სომხეთის პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი, რუმინეთის შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და ყატარის შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი.