საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა , ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლე დროში დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული სტრუქტურის ღირსეულად მართვა.
"თქვენ გაქვთ ბედნიერება, რომ გყავთ ძალიან კარგი ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან წესიერი, მოწესრიგებული და ძალიან საიმედო კაცი. თქვენ გყავთ ხელმძღვანელი, რომელიც არასდროს გიღალატებთ და არასდროს მიგატოვებთ გასაჭირში. ამავე დროს, ის კიკ-ბოქსისტი გახლდათ, სპორტსმენია და ხელჩართული ჩხუბიც თუ დასჭირდება, იქაც არ დაიხევს უკან და იქაც წამოგეშველებათ", - მიმართა პოლიციელებს ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის დავალება ძალიან საპასუხისმგებლოა. "წესრიგის დამცველი პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს მოწესრიგებული და რაც უფრო მეტი ჩინი აქვს, მით მეტად მოწესრიგებული უნდა იყოს, ამის ვალდებულება უნდა გააჩნდეს და ასეთი მინისტრი გყავთ თქვენ",-განაცხადა ივანიშვილმა.