ჯგუფი “R.E.M.” დაბრუნებას არ აპირებს

ჯგუფი “R.E.M.” დაბრუნებას არ აპირებს

რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მუსიკალურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ უახლოეს მომავალში, მიმდინარე წლის სექტემბერში დაშლილი ჯგუფი “R.E.M.”-ის წევრები საკონცერტო მოღვაწეობის განახლებას აპირებენ.

 

ჯგუფის წევრებმა ორი დღის წინ სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და აღნიშნეს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გაერთიანებას არ აპირებენ.

 

“ერთობლივი მუშაობის ხელახლა დაწყებაზე საუბარი არ გვქონია. 30 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ყველაფერს მივაღწიეთ და მიგვაჩნია რომ ჯგუფმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურა. სამწუხაროდ მოგახსენებთ, რომ “R.E.M.”-ის ისტორია წარსულს ჩაბარდა. ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე თავს ჩინებულად ვგრძნობთ და საკუთარ პირად ცხოვრებასაც საფუძვლიანად მივხედეთ”. – განაცხადეს პრეს-კონფერენციაზე ჯგუფის წევრებმა.

 

მიმდინარე წლის დეკემბერში გაყიდვაში გამოვა ჯგუფის ბოლო ალბომი. მისი სახელწოდებაა “Part Lies, Part Heart, Part Truth, Part Garbage: 1982-2011”. ამ ნამუშევარში წარმოდგენილი იქნება ჯგუფის ისტორიის განმავლობაში ჩაწერილი ყველაზე პოპულარული კომპოზიციები.

 

ამერიკული ჯგუფი “R.E.M.” 1980 წელს ჯორჯიის შტატში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ვოკალისტი მაიკლ სტაიპი, გიტარისტი პიტერ ბაკი, ბასისტი მაიკ მილზი და ბას-გიტარისტი ბილ ბერი. ამ უკანასკნელმა ჯგუფი 1996 წელს მიატოვა.

 

პოპულარობას წინა საუკუნის 90-იან წლებში მიაღწიეს, როდესაც გაყიდვაში მათი ალბომები “Out Of Time” და “Automatic For The People” გამოვიდა.

 

თავის დროზე ჯგუფის კომპოზიციები “Losing My Religion” და “Everybody Hurts” მსოფლიო ჰიტებად გადაიქცა.

 

2007 წელს ჯგუფი აშშ-ის როკ-ენ-როლის დიდების მუზეუმში შეიყვანეს.