პოლიციის შესახებ ახალი კანონპროექტი შემუშავდა

პოლიციის შესახებ ახალი კანონპროექტი შემუშავდა

პოლიციის შესახებ ახალი კანონპროექტი შემუშავდა. აღნიშნული სიახლე ჟურნალისტებს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გააცნეს , სადაც პოლიციელის დღისადმი მიძღვილი ღონისძიებები იმართება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი პოლიციის საქმიანობის სრულიად ახალ კონცეფციას აყალიბებს. კანონპროექტის უმთავრეს სიახლეს წარმოადგენს პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ფუნქციების გამიჯვნა. ამასთან, ახალი კანონპროექტი დეტალურად განსაზღვრავს პოლიციის ყველა პრევენციულ ღონისძიებას და მათი განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, რაც პოლიციის პრევენციულ საქმიანობას კონსტიტუციით დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს.

გარდა ამისა, შემუშავდა პოლიციის ეთიკის კოდექსიც, რომელიც ადგენს პოლიციის ეთიკის ძირითად პრინციპებსა და ქცევის წესებს, რომელთა დაცვა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სავალდებულოა პოლიციელისთვის როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ასევე, სხვა საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის სამსახურის გარეთ.
შს სამინისტროში მიაჩნიათ, რომ პოლიციის ეთიკის პრინციპების დაცვამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების მხრიდან პოლიციისადმი ნდობის განმტკიცებასა და პოლიციის პრესტიჟის ამაღლებას.