საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოტომფლობელების დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოტომფლობელების დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოტომფლობელების დაჯარიმებას მათ მიერ საგზაო მოძრაობის წესების მასობრივი დარღვევითა და მოქალაქეების საჩივრებით ხსნის. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, 28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა მძღოლების შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ 85 მათგანს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, 12-ს - შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება, 5 მათგანი მოძრაობდა ნასვამ მდგომარეობაში, ასევე, დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

"მძღოლების შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ 27 მათგანი მოძრაობდა სახელმწიფო სანომრე ნიშნების განთავსების წესების დარღვევით, რაც "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, ხოლო 13-ს სანომრე ნიშანი შეცვლილი ჰქონდა. მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების მასობრივმა დარღვევამ გამოიწვია ავარიული სიტუაციების შექმნა, საგზაო მოძრაობის შეფერხება და ქალაქის მცხოვრებლების უკმაყოფილება, რის შესახებაც მათ საჩივრებით საპატრულო პოლიციას მიმართეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა აღნიშნული სამართალდარღვევები და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელები საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად", - აღნიშნულია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.