"პრეზიდენტის პოსტზე ნებისმიერი ფიგურა ივანიშვილის ავტორიტეტის გავლენის ქვეშ იქნება"

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტის სოსო გალუმაშვილის შეფასებით, "პრეზიდენტის პოსტზე ნებისმიერი ფიგურა, მათ შორის გიორგი მარველაშვილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გავლენის ქვეშ იქნება’’.

ამის შესახებ გალუმაშვილმა "პირWელს" კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის შერჩევისას, პრემიერის და კოალიციის კრიტერიუმებზე საუბრისას განუცხადა.

"ბიძინა ივანიშვილი ქართულ ლანდშაფტში განცალკევებული ფიგურაა და ნებისმიერი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე მისი ავტორიტეტის გავლენის ქვეშ იქნებოდა. მეტსაც გეტყვით, ივანიშვილი პოლიტიკიდან რომ წავა, მაშინაც ასე იქნება", - განაცხადა გალუმაშვილმა.

მისი აზრით, გირგი მარგველაშვილის ბიოგრაფია საპრეზიდენტო პოსტს აკმაყოფილებს, თუმცა მისი წარდგენა მისთვის მოულოდნელი იყო.

"მარგველაშვილი სუფთა ბიოგრაფიის ადამიანია. მას მენეჯმენტში დიდი გამოცდილება აქვს. ის მმართველ თანამდებობებზე მუშაობდა და შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატად მისი წარდგენა, სწორედ ამით იყო ნაკარნახევი, თუმცა სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო, რადგან მე უფრო ასაკოვანი ადამიანის დასახელებას ველოდი. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც ჩანს, კოალიციამ მარგველაშვილის კანდიდატურტაზე ერთსულოვნება გამოიჩინა", - აღნიშნა გალუმაშვილმა.

ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი საკონსტიტუციო მოდელით, პრეზიდენტის კურირების სფეროს უფრო მეტად საგარეო მიმართულება წარმოადგენს, მარგველაშვილის კანდიდატურა სოსო გალუმაშვილისთვის მისაღებია.

"მარგველაშვილს ევროპასა და დასავლეთში კარგი კონტაქტები აქვს. დიდი ხანი მუშაობდა როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. მან დასავლეთის ენა კარგად იცის და მათთვის მიუღებელ ნაბიჯებს არ გადადგამს", - აღნიშნა გალუმაშვილმა.