ირაკლი ალასანია:  გიორგი მარგველაშვილი ყველანაირი ღირსებით შემკობილი კაცია

ირაკლი ალასანია: გიორგი მარგველაშვილი ყველანაირი ღირსებით შემკობილი კაცია

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდნტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს "მხარს სრულად უჭერს". 

როგორც ალასანიამ მარგველაშვილის კანდიდატად წარდგენის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი ყველანაირი ღირსებით შემკობილი კაცია.

"დღეს ჩვენთვის, "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი დღეა. არ დაგიმალავთ ამ კანდიდატის შესახებ ვიცოდი. ჩემი პოზიცია პრემიერისთვისაც ცნობილი იყო. მე სრულად ვუჭერ მხარს გიორგი მარგველაშვილს და მგონია, რომ ის საუკეთესო კანდიდატი და ყველა ღირსებით შემკობილი კაცია. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის არჩევნებში გაიმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე განმარტებით, კოალიციის შიგნით მასზე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა, რადგან პრემიერ-მინისტრთან არსებობს შეთანხმება, რომ უნდა დაასრულოს თავდაცვის სამინისტროში ის რეფორმები, რომელიც "ქართული ოცნების" გუნდმა დაიწყო.