პატრიარქმა ხობის რაიონში ახლად აშენებული საეკლესიო კომპლექსი მოინახულა

პატრიარქმა ხობის რაიონში ახლად აშენებული საეკლესიო კომპლექსი მოინახულა

ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახლად აშენებული საეკლესიო კომპლექსი მოინახულა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ილია მეორეს ბათუს მთაზე აშენებულ საეკლესიო კომპლექსში თან რამდენიმე მღვდელმთავარი ახლდა. ასევე, იქ იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, რომლის მეშვეობითაც საეკლესიო კომპლექსი აშენდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სხვა ოფიციალური პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პატრიარქის მიბრძანებასთან დაკავშირებით ტაძრის ეზო მომლოცველებით სავსე იყო. უწმინდესს გალობითა და ყვავილებით შეხვდნენ. პატრიარქმა დავით უსუფაშვილთან ერთად საპატრიარქო რეზიდენცია დაათვალიერა. შემდეგ ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა აღდგომის დღესასწაული მიულოცა შეკრებილებს და შესთხოვა უფალს მშვიდობა საქართველოსთვის. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს. ვისმინოთ ხმა უფლისა და ერთიანობა შევინარჩუნოთ", – აღნიშნა ტაძრის მოლოცვის შემდეგ პატრიარქმა.
ბათუს მთაზე ახლად აშენებული საეკლესიო კომპლექსი შედგება ძირითადი ტაძრისგან, სადაც სამი ტრაპეზია და ძირითადი ტაძარი იქნება ღვთისმშობლის სახელობის. ასევე, იქ იქნება ორი პატარა ეკლესია - წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის სახელობის. კომპლექსის ტერიტორიაზე არის პატრიარქის რეზიდენცია და წმ. ცოტნე აღმსარებლის სახელობის სასულიერო საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები გალობას, ხატწერას, ქარგვას და სხვა ხელობებს შეისწავლიან.

საეკლესიო კომპლექსის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და მასში დიდი წვლილი შეიტანა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ.