პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ვეტოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება "სამოქალაქო კოდექსში" შესატან იმ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოიყენა, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირებს ეცვლებათ სამართლებრივი ფორმა და შესაძლებელი ხდება მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა.

ბარნოვის განმარტებით, არსებობს ძალინ დიდი რისკი, რომ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა ძალიან ხელშესახებად შეილახოს. "ძალიან სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში უკვე ტენდენციის ხასიათს იღებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ზეწოლა", – განაცხადა ბარნოვმა და მოიყვანა ხელოვნების აკადემიის, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის მაგალითები.

"პრეზიდენტს დაუშვებლად მიაჩნია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ყურადღებით მოეკიდება პრეზიდენტის შენიშვნებს და გაითვალისწინებს მომავალი განხილვების დროს", – აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო აქტსა და საკანონმდებლო ნორმას შეაჩერებს, საბოლოო გადაწყვეტილება მან 30 კალენდარულ დღეში უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – 31-ე დღიდან შეჩერებული ნორმები ამოქმედდება.

ბარნოვის შეფასებით, ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს ზღუდავს. "თუ მიღებული იქნება კანონმდებლობაში რაღაც ისეთი ცვლილება, რომელიც ხელშესახებ, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ამა თუ იმ სუბიექტს, ახალი ცვლილება ახალი პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს უტოვებს მხოლოდ ერთთვიან ვადას, გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ეს არ მოესწო, ოცდამეთერთმეტე დღეს უკვე ავტომატურად უნდა შევიდეს კანონი ძალაში. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციაა, რომ ეს არის შეუძლებელი და ერთი თვე ამას არ ეყოფა. პრეზიდენტი ამ პოზიციას ეთანხმება. ეს არის საფრთხილო, რადგან შეიძლება ხელშესახებად შეზღუდოს სხვადასხვა ტიპის სუბიექტთა უფლებები", – დასძინა ანდრო ბარნოვმა.