სიუზან ბოილი დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

სიუზან ბოილი დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

შოტლანდიელი მომღერლის სიუზან ბოილის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “Someone To Wath Over Me” წინა კვირის ბრიტანული მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადის სათავეში მოექცა.

 

ეს ნამუშევარი გაყიდვაში მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გამოვიდა. საინტერესოა, რომ ალბომი წინა კვირის ავსტრალიური დისკების ჩართებშიც გალიდერდა. “მწვანე კონტინენტზე” გაყიდვების რაოდენობით მან “პლატინის დისკის” სახელი უკვე დაიმსახურა. ამერიკული “Billboard 200”-ის ინფორმაციით ეს სტუდიური ჩანაწერი ადგილობრივი ჩართების მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

 

ისევე როგორც ბოილის წინა ჩანაწერები, “Someone To Wath Over Me” წარმოადგენს მომღერლის მიერ შესრულებულ სხვადასხვა პოპულარული კომპოზიციების ქოუვერ-ვერსიებს. ამ ალბომში შეხვდებით ჯონი მიტჩელის, ჯორჯ და აირა გერშვინების, აგრეთვე ჯგუფების “Depeche Mode” და “Tears for Fears”-ის ცნობილ კომპოზიციებს.

 

მომღერალი სიუზან ბოილის სახელი კარგად არის ცნობილი მუსიკის მოყვარულებისათვის.

 

ქალბატონი სიუზანი პროფესიონალი მომღერალი არ გახლავთ. 2009 წელს მან მონაწილეობა მიიღო ქართული “ნიჭიერის” ინგლისურ ანალოგში –“Britain's Got Talent”. ამ კონკურსის პირველ შესარჩევ ტურში კომპოზიტორ კლოდ-მიშელ შონბერგის მიუზიკლიდან “Les Misserebles”, სიმღერა “I Dreamed a Dream” შეასრულა. სიუზანის გამოსვლას დიდი წარმატება ხვდა წილად.

მართალია ფინალში მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ პოპულარობისაკენ მიმავალი რთული გზა გაკვალული აღმოჩნდა.

 

2009 წლის ნოემბერში ბოილმა პირველი სტუდიური ჩანაწერი “I Dreamed a Dream” გამოუშვა. მომდევნო წელს დღის სინათლე მისმა მეორე ალბომმა “The Gift” იხილა.

 

ორივე დისკი გაყიდვაში გამოსვლისთანავე ამერიკული და ბრიტანული მუსიკალური ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა და დიდი ხნის განმავლობაში პირველ პოზიციას არავის უთმობდა.