შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2900 ცალი უნიფორმაზე სატარებელი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის შეძენის შესახებ ტენდერი 7 მაისს გამოაცხადა. აღნიშნული ვიდეოკამერები გათვალისწინებულია საპატრულო ეკიპაჟებისა და პატრულ-ინსპექტორებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვიდეოკამერების შეძენის ტენდერი ღიად და გამჭვირვალედ ტარდება. პატრულ-ინსპექტორების კამერებით აღჭურვის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება, ხოლო მედიისთვის პრეზენტაცია ჩატარდება.

ვიდეოკამერები გამოიყენება საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისათვის, ადამიანის უფლებების დაცვის საიმედოობის ამაღლებისათვის, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში პატრულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შეფასებისთვის. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვიდეოკამერების გამოყენებისას, მოქალაქე დაუყოვნებლივ იქნება გაფრთხილებული პატრულ-ინსპექტორის მიერ.

მუშაობის ეს მეთოდი წლების განმავლობაში აპრობირებულია აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.

აღნიშნული სიახლე ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს მოქალაქისა და პატრულის ურთიერთობას, ვინაიდან კამერების ჩანაწერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ორივე მხარისათვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.