ლაფანყურში მოკლული ასლან მარგოშვილის მამა აცხადებს, რომ შს სამინისტრო დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვაზე თანახმაა

ლაფანყურში მოკლული ასლან მარგოშვილის მამა აცხადებს, რომ შს სამინისტრო დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვაზე თანახმაა

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ასლან მარგოშვილის მამის, მერაბ მარგოშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპერტიზის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვაზე თანახმაა. 

როგორც მერაბ მარგოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წუხელაც დაურეკეს და დღესაც უთხრეს, რომ "ეს პრობლემა არ იქნება".

"ექსპერტიზა დაწყებულია და ჩვენ მასში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ვითხოვთ. სახალხო დამცველი და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამბობენ, რომ ამაზე უარს ეუბნებიან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მირეკავენ, ნებისმიერი ექსპერტი მოიყვანეთ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვსო. შსს-დან წუხელაც დამირეკეს, დღეს დილითაც იყვნენ მოსული. საგამოძიებო ჯგუფის უფროსმა მითხრა, ეს ჩემი საქმეა და არავისთვის უარი არ მითქვამს ექსპერტის ჩართვაზე, ოღონდ ვინმე გამომიგზავნე და ეს პრობლემა არ იქნებაო", - განაცხადა მერაბ მარგოშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ითხოვს ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას, მოკლული ასლან მარგოშვილის მამის განცხადებით, "ეს იმიტომ, რომ კითხვის ნიშნები გამოირიცხოს".

"ოჯახებმა ექსპერტიზის პროცესში თავისუფალი ექსპერტის ჩართვა მოვითხოვეთ კითხვის ნიშნები რომ გამოირიცხოს. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი 100 %-ით სწორად გაკეთდება?, თუმცა გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეკითხვები არ გვაქვს", - აღნიშნა მან.

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი პირის ცხედრის ექსჰუმაცია 8 მაისს მოხდა. გამომძიებლებმა დუისის სასაფლაოდან ექსპერტიზისთვის დაღუპულების - ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები ამოიღეს. შსს მათ ექსპერტიზას გეგმავს, რაშიც ოჯახის სურვილის საფუძველზე დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სახალხო დამცველი.