მელორ ვაჩნაძე:  მიხეილ სააკაშვილს დემაგოგიის საშუალებას არ მივცემთ

მელორ ვაჩნაძე: მიხეილ სააკაშვილს დემაგოგიის საშუალებას არ მივცემთ

მელორ ვაჩნაძესა და მასთან ერთად შეკრებილ ახალგაზრდებს პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს. როგორც მელორ ვაჩნაძემ თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა , ისინი ეზოში გამართავენ აქციას და მეგაფონებით დასვამენ იმ კითხვებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან აქვთ. 

როგორც ვაჩნაძემ აღნიშნა, აქცია სპონტანურად დაიგეგმა, რათა მიხეილ სააკაშვილს "ჩვეული დემაგოგიის" საშუალება არ მისცენ.

"მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ მზად იყო მწვავე შეკითხვებზე საპასუხოდაც. ჩვენ ვართ პოლიტპატიმრები და გვაქვს შეკითხვები, ის ანგარიშვალდებულია ხალხთან და იმედი გვქონდა, პასუხს გაგვცემდა, თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახურმა დარეგისტირებაზე უარი გვითხრა. ჩვენც სტუდენტები ვართ და მნიშვნელობა არ აქვს რომელ უნივერსიტეტში", - განაცხადა ვაჩნაძემ.

მისი თქმით, ვინაიდან ისინი შეხვედრაზე არ დაუშვეს, პრეზიდენტისთვის დისკომფორტის შექმნას გარედან შეეცდებიან.

"მოვუწოდებ ახალგაზრდებს, თუ ვინმეს უნდა დისკომფორტი შეუქმნას სააკაშვილს მოვიდეს თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის წასვლამდე აქ დავრჩებით და ერთად ვეცდებით გავაგონოთ, რომ ის არასასურველია, ის არის მატყუარა და მკვლელი, რომელმაც ჩემი თაობის არაერთი ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტა", - აღნიშნა მელორ ვაჩნაძემ.

აქციაში პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული სხვა პირებიც მონაწილეობენ. როგორც ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილი წავა იქ მივლენ, რადგან კითხვებზე პასუხების მიღება სურთ.

"მე მაინტერესებს რატომ ჩააგდო საქართველო სააკაშვილმა ამ დღეში, რატომ ჩააბარა ტერიტორიები, რატომ განახორციელა ქართველი ხალხის გენოციდი და რატომ დაგვაპატიმრა. თუმცა ის არის მშიშარა, არამზადა, გარეწარი, ამიტომ გვემალება და მართალ ადამიანს ვერ ხვდება", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ათობით სამართალდამცველია მობილიზებული. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები უნივერისტეტის შენობაში შესვლის პროცესში.