ლაფანყურში დაღუპული ჩეჩენის მამა ახალ გამოძიებას ბოლომდე არ ენდობა

ლაფანყურში დაღუპული ჩეჩენის მამა ახალ გამოძიებას ბოლომდე არ ენდობა

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ჩეჩენის, ასლან მარგოშვილის მამა ეჭვობს, რომ მიუხედავად ცხედრების ხელახალი ექსპერტიზისა, ფაქტების დამალვა შესაძლოა, ახალი ხელისუფლების პირობებშიც მოხდეს. როგორც მერაბ მარგოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იგი მომხდარზე ხელახალ გამოძიებას მკაცრად გააკონტროლებს.

მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურმა ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპილი ჩეჩნების ექსჰუმაცია გარდაცვლილების ოჯახის წევრების სრული თანხმობით დაიწყო.

მერაბ მარგოშვილის თქმით, ცხედრების ამოღების წინააღმდეგი არც ერთი დაღუპულის ოჯახის წევრი არ არის.

"ექსპერტიზა ადრე იყო ჩატარებული, მაგრამ შედეგები გააქრეს. ძველი ხელისუფლების პირობებში კომპიუტერები გატეხეს და გააქრეს. ამის შემდეგ, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ რაღაც ისე არ იყო, ამიტომ ვართ თანახმა ექსჰუმაციაზე. რელიგიურად ეს დაშვებული არ იყო, მაგრამ გამონაკლისის სახით ვაკეთებთ, რადგან ეს ექსპერტიზა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ლაფანყურის მოვლენების შემდეგ, ჩვენ შევხვდით შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერ მზად არ არის - კანონით არ შეგვიძლია გვამების გადმოცემაო, მაგრამ ვითომ პასუხისმგებლობას თვითონ იღებდა, - გვამები გამოგვატანა და გვითხრა დასკვნას მერე გამოგიგზავნითო. ეს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა, ჩვენთვის დასკვნა არ გამოუგზავნიათ", - განაცხადა მერაბ მარგოშვილმა.

იგი იმედოვნებს, რომ ხელახალი გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. თუმცა, როგორც მარგოშვილი ამბობს, ძველი ხელისუფლების "ჩანერგილი" კიდევ ბევრია, რამაც შეიძლება ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს.

"მაღალჩინოსნების ნაწილს არ ვენდობი და ყოველ მათ ნაბიჯს გავაკონტროლებ, რომ საქმეს სხვა მიმართულება არ მისცენ. ბევრია სააკაშვილის დამქაში ახალ მთავრობაში და შესაძლოა, დანაშაულები დაფარონ, მაგრამ მკაცრად გავაკონტროლებ", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს შვიდი ჩეჩენი დაიღუპა, რომელთაგან სამი პანკისის ხეობის მცხოვრები იყო.