ელისო კილაძე სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული ფირების გამოძიებით ინტერესდება

ელისო კილაძე სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული ფირების გამოძიებით ინტერესდება

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, თორნიკე გუნავას მიერ პროკურატურისთვის გადაცემული ფირების გამოძიებით ინტერესდება .
როგორც ელისო კილაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, თოქშოუ "პოზიციაში განაცხადა, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანმა, პირველი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა თორნიკე გუნავამ დაკავების შემდეგ ახალი ხელისუფლების პროკურატურას 80-მდე ვიდოფირი გადასცა. მას შემდეგ კი 5 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების შედეგი უცნობია.

"მას შემდეგ 5 თვე გავიდა და ამ დროის განმავლობაში ნამდვილად იყო შესაძლებელი გამოეძიებინათ, ვის მიერ ხდებოდა ამ ფირების გადაღება და სად შეიძლება ყოფილიყო ფირების ასლები. თუ ეს გამოძიება იქნებოდა ეფექტური, შესაძლებელი იქნებოდა თავიდან ყოფილიყო აცილებული ის, რაც უკვე მოხდა", _ აღნიშნა კილაძემ გიორგი ფარესიშვილთან დაკავშირებული ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, მისთვის ურთიერთბრალდებები წინა და ახალი ხელისუფლების მიმართ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიუღებელია, ისევე, როგორც მსჯელობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. კილაძე მიიჩნევს, რომ ფირები 9 წლის განმავლობაში რომ არ გამოქვეყნებულა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობდა.