გია ხუხაშვილი - ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ?!

გია ხუხაშვილი - ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ?!

ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ?!, - ასე გამოეხმაურა პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებას , რომელმაც გია ხუხაშვილი სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს ერთ-ერთ პირზე გადაფორმების მცდელობაში დაადანაშაულა. კერძოდ, საუბარია გიორგი ღამბაშიძეზე.

როგორც გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, დავით იაკობაშვილის "აუთდოორ.გე" დავით კეზერაშვილის ბიზნეს ჯგუფში შედიოდა. მისი თქმით, იგი იცნობს დავით იაკობაშვილსაც და გიორგი ღამბაშიძესაც, თუმცა, მათ შორის რაიმე გარიგება თუ ხდება, ინფორმაცია არ აქვს.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დიდი ვაკჰანალია და რაღაც კამპანია მიმდინარეობს. "დილას ფარისიშვილი, საღამოს _ ნადირაშვილი. ე.ი ავმაღლდი მე მგონი დილიდან საღამომდე, მგონი წონაშიც მოვიმატე. ვიღაცა ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მე რა შუაში ვარ ამაში?!. სრული აბსურდია. წამოდგენა არ მაქვს საერთოდ რაზეა საუბარი. ირმა ნადირაშვილი პოლიტიკოსია და იგი თავს უფლებას აძლევს, ასეთი განცხადებები გააკეთოს", _ დასძინა ხუხაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა დავით იაკობაშვილის ჯგუფთან. "ეს ბიზნეს ჯგუფი იყო დავით კეზერაშვილის. მათ შორის "აუტდორ.გე". ეს ყველამ იცის. ეს ჯგუფი აკონტროლებდა რკინიგზის გადაზიდვებს და სახელმწიფო რესურსი, დაახლოებით 10 მლნ დოლარი ამ ბიზნესიდან ყოველწლიურად კერძო ჯიბეებში და, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" სალაროში მიდიოდა. ერთადერთი ურთიერთობა, რაც მე ამ ჯგუფთან მქონდა, არის ის, რომ დღეს, როდესაც კეზერაშვილი იქ არ არის, ეს რესურსი დაუბრუნდა სახელმწიფოს. ანუ ეს კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში მიემართა, ამაში მე ნამდვილად მივიღე მონაწილეობა", _ დასძინა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ნადირაშვილი რეკეტზე საუბრობს, ზემოთ აღნიშნული კომპანიის მფლობელი დავით კეზერაშვილი, მისგან განსხვავებით, რეკეტიორი ნამდვილად იყო. "იაკობაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას ის, რომ გაგებით მოეკიდა ამ საკითხს და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე სახელმწიფოს, ასე ვთქვათ ბუნებრივი კუთვნილება, დაუბრუნდა", _ აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.