საქართველო

საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა

საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ Save the Children საკუთარ ვებგვერდზე "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" 2013 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. 

რეიტინგის თანახმად, დედობისთვის საუკეთესო ქვეყნებად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, ყველაზე უარესად კი აფრიკის ქვეყნები დასახელდა.

Save the Children-ის რეიტინგში საქართველო 94-ე ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოში 2010 წელს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 960 ქალბატონზე ერთს შეადგენდა; 2011 წელს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5 წლამდე ბავშვებს შორის 1000 ბავშვზე 20,5-ია, ფორმალური განათლების მოსალოდნელი წლების მაჩვენებელი – 13,2, მთლიანმა ეროვნულმა შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარში) 2011 წელს – 2,860 შეადგინა, 2013 წელს ქვეყნის მთავრობაში ქალთა პროცენტულმა მაჩვენებელმა 12,0% შეადგინა.

საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევა 176 ქვეყანაში ჩაატარა. რეიტინგის შედგენისას ავტორებმა ხუთი კრიტერიუმით იხელმძღვანელეს – დედების სიკვდილიანობის რისკი, 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა, ქალთა განვითარების დონე, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, ქალთა რაოდენობა ხელისუფლებაში. კვლევაში 2010-დან 2013 წლის ჩათვლით პერიოდი იქნა გათვალისწინებული.
რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთმა დაიკავა. პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია და ავსტრალია. რეიტინგში ბოლო ადგილი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ერგო.