როლანდ ახალაია:  მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი

როლანდ ახალაია: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი

მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ მისი ვაჟის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

შეკითხვაზე, ეხება თუ არა მისი განცხადებები ვანო მერაბიშვილს და უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ვანო მერაბიშვილზე სკანდალურ განცხადებას, როლანდ ახალაიამ აღნიშნა, რომ ყველაფერს თავის დროზე იტყვის.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ეს განცხადება მან სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გააკეთოს.

"ყველაფერს თავის დროზე ვიტყვი. შეიძლება ეს პროცესების მიმდინარეობისას იყოს, ან შეიძლება დასრულების შემდეგ", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.

მან არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაყვედურა, რატომ არ ინტერესდებიან ბაჩო ახალაიას საქმეებით. როგორც როლანდ ახალაიამ აღნიშნა, ბაჩო ახალაია უკანონო პატიმარია და როდესაც ეკა ბესელია შალიკიანის უფლებებს იცავს, საინტერესოა, რატომ არ ინტერესდება ახალაიას საქმით.

"მაინტერესებს სად არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ბაჩო ახალაია უკანონო პატიმარია და არ ვიცი ეკა ბესელია რატომ არ ინტერესდება ბაჩოს საქმით, როდესაც იცავს შალიკიანების და მსგავსი პირების უფლებებს. თუ პირადი ინტერესი აქვს ბაჩო ახალაიას მიმართ", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება მერაბიშვილზე განცხადებას, ის წინასწარ არაფერს იტყვის.

"წინასწარ ტალახის სროლას შეჩვეული არ ვარ, ისე როგორც ეს ბაჩო ახალაიას მისამართით კეთდებოდა. მოვა დრო და თავის დროზე ყველაფერს ვიტყვი", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.