გიორგი ფარესიშვილი ხუხაშვილს, ხვედელიძესა და ნაცვლიშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება

გიორგი ფარესიშვილი ხუხაშვილს, ხვედელიძესა და ნაცვლიშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება

ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, გია ხუხაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გელა ხვედელიძესა და მთავარი პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება. 

გიორგი ფარესიშვილი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს კვლავ ფაბრიკაციას უწოდებს და ამტკიცებს, რომ კადრებში ნაჩვენებ პირებს საერთოდ არ იცნობს.

მისივე თქმით, სანამ ხვედელიძე, ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი თანამდებობებზე იქნებიან, მანამდე არ მოხდება იმ ბინძური ფაბრიკაციის გამოძიება, რაც მის წინააღმდეგ გავრცელდა.

ჟურნალისტის თქმით, მათი თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ ყველა ფაქტს, რომელიც ჩადენილია ამ სამი პიროვნების მიერ, გამოძიებას მიაწვდის, შემდეგ კი საზოგადოებას გააცნობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი თანამდებობებს არ დატოვებენ, ფარესიშვილი მათ წინააღმდეგ კომპრომატებს მაინც გამოაქვეყნებს.

ფარესიშვილის ინფორმაციით, მას აქვს აუდიომასალები, დოკუმენტები, ასევე ჰყავს მოწმეები, რითაც დასტურდება ამ სამი ადამიანის დანაშაულებები. მისი თქმით, ეს ეხება ხვედელიძის პერსონას, ხვედელიძისა და სანიკიძის ურთიერთობას, ასევე ხვედელიძის მიერ ლაფანყურის საქმეში გია ლორთქიფანიძეზე ხელის დაფარებას.

"მივმართავ ამ სამ პიროვნებას, არსებობს თქვენს მიერ ჩადენილი ბინძური ქმედებების ფაქტები. არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც დაასახელებენ ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის დანაშაულებებს. ჩემს გარდა ამ კლანს სხვა ადამიანებიც ებრძოდნენ და მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინათ, მომეთხოვა მე პოლიტიკური თავშესაფარი, ქვეყნიდან წავსულიყავი და ეს იქნებოდა სიგნალი იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ ებრძვის, რომ თუ ისინი არ გაჩუმდებოდნენ, მათაც იგივე ბედი მოელოდათ", - განაცხადა ფარესიშვილმა.

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ ბინძური ფაქტები ამ სამი ადამიანის ერთიანი მხილების შემდეგ წამოვიდა. "ეს ფაბრიკაცია ჩემს წინააღმდეგ, ჩემს მიერ მათი ერთთვიანი მხილების შემდეგ დადეს", - აღნიშნა მან.

ფარესიშვილის თქმით, მას და გელა ხვედელიძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ორივე "ქართულ ოცნებაში" იყვნენ და როდესაც მან გელა ხვედელიძე ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობაში და "ქართული ოცნების" "ნაციონალებით" დაკომპლექტებაში ამხილა.

როგორც ფარესიშვილი აღნიშნავს, როდესაც ის უკრაინიდან დაბრუნდა, მის ხელთ აღმოჩნდა ინფორმაცია ამ პირების ქმედებების შესახებ, მათ კი ორი გზა ჰქონდათ დარჩენილი, ან მოეხდინათ მისი ლიკვიდაცია ან ეს სიბინძურე დაედოთ.

"ამის გაკეთება "ნაციონალურ მოძრაობას" თავშიც კი არ მოსვლია. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ფაბრიკაცია "ნაციონალების" პერიოდში ყოფილიყო გაკეთებული, მაგრამ ეს უშიშროების გარეშე არ გავიდოდა, დღეს კი უშიშროებას გელა ხვედელიძე მართავს. ეს ფაბრიკაცია "ნაციონალებს" არჩევნების პერიოდში რომ დაედოთ, მაშინ ეს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იმოქმედებდა და შესაძლოა მათ არჩევნებიც ვერ მოეგოთ", - აღნიშნა ფარესიშვილმა.

ფარესიშვილის თქმით, ის ამ ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, რომელიც ამ ყველაფრით დაინტერესდა. მისივე ინფორმაციით, ნორლანდი გამოძიებით დაინტერესდა.

გარდა ამისა, როგორც ფარესიშვილი ამტკიცებს, მან გამოძიებას ჩვენება მისცა, თუმცა გამომძიებლებმა ჩვენებაში არ ჩაწერეს ხუხაშვილის, ნაცვლიშვილისა და ხვედელიძის სახელი და გვარი, მათ უარი განაცხადეს ამ ადამიანების დაფიქსირებისაგან.

"ხუხაშვილი თავს ვეღარ იმართლებს, აგონიაშია და აცხადებს, რომ თურმე მე ექიმების მიერ ვარ შესამოწმებელი. მე კი მას ვურჩევ, ლაშა ნაცვლიშვილი შეამოწმოს ნარკოლოგიურში, ოღონდ ჟურნალისტების თანდასწრებით", - დასძინა ფარესიშვილმა.

ამასთან ფარესიშვილმა ბრიფინგზე წარადგინა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყო. ამ დოკუმენტს ხელს მანანა კობახიძე აწერს.